„წინა ხელისუფლების პერიოდში, საქართველო ცდილობდა, რომ რუსეთზე დამოკიდებული აღარ ყოფილიყო“

„წინა ხელისუფლების პერიოდში, საქართველო ცდილობდა, რომ რუსეთზე დამოკიდებული აღარ ყოფილიყო“

„წინა ხელისუფლების დროს, არ იყო საუბარი რომ მილსადენი მაინცდამაინც რუსეთზე გაყიდულიყო“. ამის შესახებ  „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს.

ჯაფარიძის თქმით, იმ პერიოდში, ქვეყნის კურსი აღებული იყო იმისკენ, რომ საქართველო ბუნებრივი აირით  მომარაგებაში აღარ ყოფილიყო დამოკიდებული რუსეთზე.

„საუბარი იყო იმაზე, რომ „გაზპრომსაც“ მიეღო მონაწილეობა ამ გაყიდვის პროცესში  და მხოლოდ მათი ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლებოდა  მილსადენების რუსეთისთვის მიყიდვა.  შემდეგ, იყო 2006 წლის ძალიან მძიმე და ცივი ზამთარი, როდესაც რუსეთმა გადაწყვიტა გაზის მიწოდება გამოეყენებინა,  როგორც პოლიტიკური იარაღი საქართველოს წინააღმდეგ.  შეგვიწყვიტა ბუნებრივი აირით მომარაგება. ამის შემდეგ,  მართალია, „გაზპრომიდან“ შემოდიოდა საქართველოში გარკვეული  რაოდენობის ბუნებრივი აირი, მაგრამ ეს მოცულობა იყო მუდმივად კლებადი. საქართველო ცდილობდა, რომ ბუნებრივი აირით მომარაგებაში  რუსეთზე დამოკიდებული აღარ ყოფილიყო.  ჩვენ სულ უფრო მეტ მოცულობას ვყიდულობდით აზერბაიჯანისგან და სულ უფრო ნაკლებს -  „გაზპრომიდან“. ტენდენცია და კურსი იყო აღებული ისეთი,  რომ ჩვენ აღარ ვყოფილიყავით დამოკიდებული რუსეთზე, რადგან აღარ ვენდობოდით მას და მომარაგება გვქონოდა უფრო სანდო სტრატეგიული პარტნიორისგან, აზერბაიჯანისგან.“ -განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.