17 და 19 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებებს ახალი მწრთვნელები ეყოლებათ

17 და 19 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებებს ახალი მწრთვნელები ეყოლებათ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დღეს  გამართულ პრესკონფერენციაზე  ასაკობრივ ნაკრებში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.

კობიაშვილის თქმით, 17 წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვასილ მაისურაძე დაინიშნა, 19 წლამდელთა ნაკრებს კი გიორგი ყიფიანი უხელმძღვანელებს, 21 წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა კვლავ ვაკანტურია, რადგან ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ახალი სახელფასო სისტემის შესახებ. მან განმარტა, რომ ახალი სისტემა მწრთვნელების ხელფასების გარკვეულ შემცირებას ითვალისწინებს, თუმცა დაწესდება ახალი მაღალი საჰონორარო სისტემა, რომელიც მინიმალური შედეგის მიღწევის შემთხვევაშიც იმოქმედებს.

ახალ სახელფასო სისტემასთან დაკავშირებით, ფედერაცია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის პასუხს ელის. ლევან კობიაშვილის განაცხადებით, თავად ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია, დათანხმდება თუ არა ახალ სახელფასო სისტემას, თუმცა ფედერაცია მას სრულ ნდობას უცხადებს და სურს, რომ ცხადაძემ თანამდებობაზე მუშაობა გააგრძელოს. იგი განმარტავს, რომ ცხადაძის პოსტიდან წასვლის საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა.

„ახალი სახელფასო სისტემა ითვალისწინებს იმას, რომ ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებში მწვრთნელების ხელფასები გარკვეული პროცენტით შემცირდეს, თუმცა დაწესდება ახალი, მაღალი საჰონორარო სისტემა, რომელსაც მწვრთნელი მინიმალური შედეგის მიღწევის შემთხვევაშიც მიიღებს. ეს იდეა მოიწონა აღმასკომმაც. ახალი სისტემა ორიენტირებულია შედეგზე. კახა ცხადაძის შემთხვევაში ეროვნული ნაკრების მიზანია, რომ მომდევნო შესარჩევ ეტაპზე გუნდმა ჯგუფში მინიმუმ, მესამე ადგილი დაიკავოს. მინიმალური შედეგის მიღწევის შემთხვევაშიც, ანუ თუ გუნდი მესამე ადგილზე გავა, მწვრთნელები მაღალი ჰონორარით ისარგებლებენ. ეს სისტემა გავაცანით თავად კახასაც და ველოდებით მის პასუხს. იმედი გვაქვს, რომ ახალ სისტემას გაიზიარებს. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ კახას. გვჭირდება, რომ ჩვენს გვერდით იდგეს“, - განაცხადა კობიაშვილმა.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ საფეხბურთო სკოლა "ოლიმპისთვის" ალტერნატიული სავარჯიშო მოედანი გამოიძებნა. კობიაშვილის თქმით, მოედანი დიდ დიღომში მდებარეობს და კომპანია "ვისოლის" საკუთრებაშია. აღნიშნულ მოედანზე ბავშვები გარკვეული საათების განმავლობაში ივარჯიშებენ და იჯარას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციია დაფარავს.