"კოალიციის გაფართოების ან შემცირების არავითარი გეგმები არ არის"

პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის განცხადებით, კოალიცია "ქართული ოცნება" პარტიულ სიაზე უკვე აქტიურად მუშაობს.

როგორც კობახიძემ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, ჯერ გადაწყვეტილი არაა, თუ ვინ მოხვდება პარტიულ სიაში, თუმცა აქვე დასძინა, რომ პარლამენტში ყველა იმ პროფესიის წარმომადგენელი უნდა შევიდეს, რომელსაც საზოგადოება გადაწყვეტს.

„მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო ორგანოში იყვნენ ადამიანები, რომელთაც იურისპრუდენციასთან, კანონშრმოქმედებასთან საქმე აქვთ, მაგრამ არ შეიძლება დავაკნინოთ რომელიმე პროფესიის ადამიანის როლი ქვეყანაში, ქვეყნის განვითარებაში თუ პარლამენტში. საზოგადოება წყვეტს თუ ვინ უნდა იყოს მისი რჩეული. რაც შეეხება პარტიულ სიებს, პარტია ამასთან დაკავშირებით მუშაობს. რა თქმა უნდა, განიხილება გარკვეული კანდიდატები, მაგრამ სიაში ვინ იქნება, როგორ იქნება, ვინ მაჟორიტარი იქნება, ვინ პარტიულ სიაში იქნება, ბუნებრივია, ამის დრო დადგება, როდესაც პარტია ამაზე საჯაროდ განაცხადებს. ეს იქნება ძალიან საინტერესო ამომრჩევლისთვისაც, იმიტომ, რომ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ისეთი შემადგენლობა, რომელიც უფრო ეფექტურად და წარმატებით გაუმკლავდება იმ პრობლემებს, რაც ქვეყანის და საკანონმდებლო ორგანოს წინაშე დგას“, - აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ვერ ასახელებს, მოხვდება თუ არა პარტიულ სიაში თავად, მაგრამ აცხადებს, რომ „ქართული ოცნების" გუნდის წევრი იქნება და რა პოზიციაზეც იქნება, იმ პოზიციიდან გააგრძელებს მუშაობას.

„მე სადაც არ უნდა ვიყო, ვიქნები ამ გუნდის წევრი, იმიტომ, რომ მჯერა, ამ გუნდს შესწევს ძალა და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რომელიც ერთად უნდა გავაკეთოთ, მიუხედავად იმისა, ვინ სად იქნება. თანამდებობები არ არის მნიშვნელოვანი, ამის მაგალითი ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმაც აჩვენა. ჩვენ სადაც  დავჭირდებით, მაჟორიტარად იქნება, პარტიულ სიაში იქნება, საერთოდ სიის გარეთ იქნება, დავრჩები გუნდის წევრად“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეხება კოალიციის შემადგენლობას, მანანა კობახიძის განმარტებით, ამ ეტაპზე კოალიციის შიგნით ცვლილებებზე საუბარი არ არის, თუმცა ვიცე-სპიკერი არ გამორიცხავს, რომ არჩევნებამდე გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს.

"დღევანდელი მდგომარეობით, არავითარი გეგმები კოალიციის ან გაფართოების ან შემცირების, ან შიგნით ცვლილებების არ არის, თუმცა პოლიტიკურ ცხოვრებაში არაფერია გამორიცხული. შესაძლოა, არჩევნებამდე რაიმე შეიცვალოს, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება იმის ძალა და რესურსი, რომ კოალიციური შემადგენლობით და ამ რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა. თუმცა პარტიებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება, გააგრძელონ კოალიციურ რეჟიმში მუშაობა თუ დატოვონ, თუ შექმნან რაიმე სხვა კოალიცია. ამ ეტაპისთვის რაიმე კონკრეტულის თქმას საფუძველი არ აქვს“, - განაცხადა კობახიძემ „პირველ პრესკლუბში“.