"აუცილებლად ექნება ევროსაბჭოს ყველა ინფორმაცია, რომელზეც შესაძლოა რაიმე კითხვა ჰქონდეთ"

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე საქართველოსთან მიმართებაში, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მოსაზრებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ზოგიერთი საკითხი კითხვებს აღარ იწვევს.

როგორც კობახიძემ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, უკვე კითხვებს არ იწვევს „რუსთავი 2“-ის საქმე, რომელიც კერძო დავაა და მასთან ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ აქვს.

მისი განმარტებით, თუ ევროპის საბჭოს ამ საკითხზე რაიმე კითხვა გააჩნია, მასზე პასუხს ხელისუფლება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე იანვრის ბოლოს გასცემს.

„რუსთავი 2“-ის საქმე, რა თქმა უნდა, იყო ყურადღების საგანი და ეს არის ბუნებრივი, მაგრამ მნიშვნელოვანია, თუ როგორ ხდება მოვლენების განვითარება. თუ თავიდან რაიმე კითხის ნიშანი ჰქონდა ჩვენს პარტნიორებს, ესეც იყო ბუნებრივი და ლოგიკური. მე ვფიქრობ, დღეს ეს საკითხი უკვე ამოწურულია, გამომდინარე იქიდან, რომ „რუსთავი 2“-ის მაუწყებლობას, მართვის პროცესს, არავითარი საფრთხე არ ემუქრება, ჩვეულებრივ რეჟიმში მაუწყებლობს ტელეკომპანია, ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობენ ჟურნალისტები და ის მმართველები, რომლებიც არიან და იყვნენ, არავითარ შეზღუდვას არ დაქვემდებარებიან, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან სასამართლოს მიერ  დროებითი მმართველობის შესახებ გარკვეული გადაწყვეტილება იყო.

იმთავითვე ხელისუფლება აცხადებდა, რომ არავითარი შემხებლობა ამ დავასთან არ ჰქონდა. სამწუხაროდ, თავად „რუსთავი 2“-მა გადაწყვიტა, რომ მოეხდინა ამ დავის პოლიტიზირება. აქედან გამომდინარე შეიქმნა აჟიოტაჟი, რომლის შესახებაც ინფორმირებულები არიან ჩვენი ევროპელი კოლეგები და მათ გარკვეული წუხილები შესაძლოა ჰქონდათ და გააჩნდათ, თუმცა დღესდღეობით ყველა კითხვისნიშანი უნდა იყოს მოხსნილი. რა თქმა უნდა, ჩვენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, იანვრის ბოლოს, სესიაზე ყველა იმ დამატებით ინფორმაციას მივაწვდით, გამომდინარე იმ სიახლეებიდან, რაც ამ საქმეზეა. დარწმუნებული ვარ, არავითარი დამატებითი კითხვა არ ექნება ჩვენს კოლეგებს, ვინაიდან რეალურად ესაა დავა, რაც შეეხება ნილს მუჟნიეკსის მოსაზრებას, რომ საქართველოში მოსამართლეებზე გარკვეული ზეწოლა ხორციელდებოდა, კობახიძის განმარტებით, მოსამართლეებზე რაიმე ზეწოლაზე, მუქარაზე და იძულებაზე საუბარი გადაჭარბებულია.

„ანგარიშში არის დაფიქსირებული, იმ აქციის შესახებ, რომელიც გიორგი პაპუაშვილის სახლთან გაიმართა, მაგრამ ამ აქციის ფარგლებში, თუკი ვინმემ რაიმე დაარღვია, ადმნინისტრაციული ზომები იქნა განხორციელებული. რაც შეეხება სისხლის სამართლის დანაშაულს, მათ ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაული არ იკვეთებოდა. შესაბამისად, რაიმე ზეწოლაზე, მუქარაზე, იძულებაზე საუბარი, ეს არის გადაჭარბებული, თუ ვუნმე ასე ფიქრობს, ჩვენ დავარწმუნებთ, რომ ეს არის ის ინფორმაცია, რასაც ზედმიწევნით ცდილობს, რომ გაავრცელოს კონკრეტული პოლიტიკური ძალა. ასევე თუ რაიმე ზეწოლაზე იყო საუბარი, ან მუქარაზე, იმთავითვე იყო მიმართვა ძალოვანი სტრუქტურებისგან, მოსამართლეების მიმართ, რომ მათ მიეცეთ კონკრეტული ინფორმაცია, ჩვენებბები და ნებისმიერი ასეთი ფაქტი იქნებოდა გამოძიებული. გეტყვით, რომ მაშინ როგორც მოწმეს, ასეთი ტიპის ჩვენება არ მიუცია გიორგი პაპუაშვილს და არც რომელიმე მოსამართლეს არ უსაუბრია უშუალოდ სისხლის სამართლებრივ ქმედებებზე მათთან მიმართებაში. ასე რომ ყოფილიყო, აუცილებლად სახელმწიფო მიიღებდა ზომებს. ამ საკითხებთან დაკავშირებთ ევროსაბჭოში, ჩვენ მონიტორინგის კომიტეტის სხდომის ფარგლებში ვიმსჯელებთ და აუცილებლად ექნება ევროსაბჭოს ყველა ინფორმაცია, რომელზეც შესაძლოა, მათ რაიმე კითხვა ჰქონდეთ“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს, საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, ნილს მუჟნიეკსის ანგარიში გამოქვეყნდა, რომლიც 2015 წლის 9-13 ნოემბერს შეგროვილ ინფორმაციას ეყრდნობა.