"სიცრუეა, რომ ხელისუფლება რუსული გაზით აზერბაიჯანული გაზის ჩანაცვლებას ცდილობს"

პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება აზერბაიჯანული გაზის რუსული გაზით ჩანაცვლებას არ ცდილობს.

როგორც კობახიძემ  „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობასაც“ ჰქონდა კომუნიკაცია რუსულ კომპანიასთან და აქვე აღნიშნა, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ რუსულ კომპანიებს არაერთი სტრატეგიული ობიექტიც დაუთმო.

"სრულიად არასწორად ისმის საკითხი, თუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსული გაზით აზერნბაიჯანული გაზის ჩანაცვლებას ცდილობს ხელისუფლება. ეს არის სიცრუე, ტყუილი. ამას არავინ ცდილობს. თუ კი აზერბაიჯანი უფრო მეტ გაზს და უფრო იაფად მოგვაწვდის, ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლო. ამიტომ ასეთი მოლაპარაკებები ყოველთვის იქნება. „ნაციონალური მოძრაობაც“ არანაკლებ აქტიურად საუბრობდა „გაზპრომთან“. „ნაცმოძრაობამ“ არაერთი კომპანია გადააბარა რუსულ კომპანიებს, არაერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი გადააბარა, როგორც ომამდე ასევე ომის შემდგეგ. არამგონია მათ რაიმე ეთქმოდეთ და რაიმე პრეტენზია ჰქონდეს დღევანდელ ხელისუფლებასთან. ცოტა უხერხულია, მით უმეტეს, ენერგეტიკის სფეროში. ასე რომ, ეს არის პოლიტიკური მომენტი, პოლიტიკური საკითხი, რომელსაც "ნაციონალირი მოძრაობა" იყენებს თავის სასარგებლოდ, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან, თუ რაიმე მოლაპარაკება, თუ რაიმე გადაწყვეტილებაა მიღებული ან იქნება მიღებული, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი საზოგადოების, მოქალაქეების და ქვეყნის ინტერესებიშია", - აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის განმარტებით, საქართველოს „გაზპრომთან“ დიალოგი, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე უარყოფით ზეგავლენას ვერ მოახდენს.

"აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი, მეზობელი ქვეყანა, რომელთან ერთადაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანები გვაქვს გადასაჭრელი და ჩვენ ნამდვილად არ ვფიქრობთ, რომ „გაზპრომის" თემა არის ის თემა, რომელიც რაღაც ხინჯს შეიტანს ჩვენს ურთიერთობებში", -განაცხადა მანანა კობახიძემ.