საქართველომ უნდა გააგრძელოს მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაძლიერება, - ასეთია ადამიანის უფლებების სფეროში ევროსაბჭოს კომისრის, ნილ მუჟნიეკსის მიერ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები, რასთან დაკავშირებითაც ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს.
შესაბამისი ინფორმაცია ევროსაბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
"რეფორმებმა სასამართლო სფეროში გარკვეული პოზიტიური შედეგები მოიტანა, კერძოდ, ეს ეხება პროკურატურის ორგანოების გავლენის შემცირებასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის გამჭვირვალობის გაზრდას, ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებას. მიუხედავად ამისა, ძველი სტრუქტურული პრობლემები კვლავ მოითხოვს სერიოზულ ყურადღებას, განსაკუთრებით სასამართლო სისტემის დამოუკიდებელი და ეფექტური ფუნქციონირების დაცვის თვალსაწრისით", - აცხადებს ევროსაბჭოს კომისარი.
ნილ მუჟნიეკსის მოსაზრებით, პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს მოსამართლეების დაცვა შიდა და გარე ზეწოლისგან. მისივე აზრით, საჭიროა ცვლილებები მოსამართლეების არჩევის, დანიშვნისა და ჩანაცვლების პროცედურის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.
ევროსაბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, კომისარმა მიიღო ინფორმაცია მოსამართლეებზე სავარაუდო ზეწოლის განხორციელებისა და მათ მუშაობაში ჩარევის კონკრეტული შემთხვევების შესახებაც, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დაშინებასა და მუქარასთან დაკავშირებით, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო. ევროსაბჭოს კომისრის მოსაზრებით, კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიაქციოს ყურადღება, არის მოსამართლეების წინააღმდეგ დისციპლინარული სისტემა, რომელიც "შესაბამისად არ ფუნქციონირებს".
ევროსაბჭოს კომისარი ასევე, შეშფოთებას გამოთქვამს ოპოზიციონერი წევრების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ზომების მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაციის და განსაკუთრებით წინასასამართლო დაკავებების გამო.
"მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პოზიტიური ცვლილებებია მთავარი პროკურორის შერჩევის, დანიშვნისა და დათხოვნის პროცედურების კუთხით, კვლავ რჩება კითხვები, რომელიც უკავშირდება მთავარი პროკურატურის მუშაობას სისხლის სამართლის სფეროში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ევროსაბჭოს კომისარი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააძლიეროს პროკურორებისა და ძალოვანი ორგანოების თანამშრომლების მუშაობის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.
"ანგარიშში ნათქვამია, რომ საჭიროა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა სასტიკი მოპყრობის რამდენიმე სავარაუდო შემთხვევის კუთხით, მათ შორის ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში მომხდარ ინციდენტთან მიმართებაში.
საქართველოს ხელისუფლებამ ფაქტები უნდა დაადგინოს და პასუხისმგებელი პირები დასაჯოს. მათ უნდა განიხილონ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხი, რომელიც იმუშავებს სამართალდამცავი ორგანოებისა და პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების მხრიდან შესაძლო დარღვევებზე", - ნათქვამია ევროსაბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ოფიციალური ინფორმაციით, კომისარი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უფრო ეფექტურად გამოიყენოს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და არსებული მექანიზმები, ასევე გააუმჯობესოს რეაგირება სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულზე, შეამსუბუქოს დაძაბულობა უმრავლესობაში და უმცირესობაში მყოფ რელიგიურ ჯგუფებს შორის და დიალოგი გამართოს საქართველოში არსებულ ყველა რელიგიურ კონფესიასთან.
კომისარი საქართველოში 9-13 ნოემბერს იმყოფებოდა. მისი ანგარიში სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში მიღებული ინფორმაციების საფუძველზე მომზადდა.