ვან დეიკის ნახატთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ვან დეიკის ნახატთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ვან დეიკის ნახატთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ნივთის საზღვარზე უკანონოდ გადატანას გულისხმობს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ვან დეიკის ნახატთან დაკავშირებით მოკვლევა აწარმოა, რომლის ფარგლებშიც უკვე დაიკითხნენ ეკა აბაშიძე, მალხაზ მახარაძე და ზაჰირ ჰუსეინოვი. ეკა აბაშივე არის პირი, რომელიც აცხადებს, რომ ვან დეიკის ნახატი მან მიჰყიდა მახარაძესა და ჰუსეინოვს, რომლებმაც სურათი თურქეთში გადაიტანეს, თუმცა თანხა სრულად არ გადაუხდიათ. კერძოდ, საუბარია ნახატის 37 ათას დოლარად გაყიდვაზე.

ეკა აბაშიძის ინფორმაციით, მან მხოლოდ 7 ათასი დოლარი მიიღო. 30 ათასი დოლარი კი ჰუსეინოვსა და მახარაძეს ამ დრომდე არ გადაუხდიათ.

მახარაძე და ჰუსეინოვი ადასტურებენ სურათის თურქეთში გადატანას, თუმცა როგორც მათ დღეს საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვის შემდეგ განაცხადეს, საბუთები წესრიგში იყო და არსებობდა კულტურის სამინისტროს ნებართვა, სურათის საზღვარს მიღმა გადატანის თაობაზე. მათივე განცხადებით, არსებობს ოფიციალურად გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. ვან დეიკის ნახატთან დაკავშირებით, თურქეთში ორი პირი დააკავეს, მათ ედავებიან ნახატის საზღვარზე კონტრაბანდული გზით გადატანას.

თურქული მედიის ცნობით, აღნიშნული ნახატის ღირებულება 14 მილიონს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე რამდენიმე დღის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა განცხადება. უწყების ინფორმაციით, ჰოლანდიელი მხატვრის, ვან დეიკის ტილოსთან დაკავშირებულ საქმეზე დაკავებული პირები თურქეთის მოქალაქეები არიან, ხოლო როგორც დაკავებული პირების, ისე ნივთმტკიცებების საქართველოსთან კავშირი არ ვლინდება.