პატრიარქმა ალილოს მონაწილეები დალოცა

პატრიარქმა ალილოს მონაწილეები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ალილოს მონაწილეები დალოცა. ალილოს მონაწილეთა ჯგუფი რამდენიმე წუთის წინ საპატრიარქოსთან იმყოფებოდა.

საპატრიარქოს ჭიშკართან პატარებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე შეხვდა. უწმინდესთან ერთად ბავშვებს გამოეგებნენ საქართველოს მთავრობის წევრები, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

პატრიარქმა პატარები დალოცა და იქ მყოფებს ნაკურთხი წყალი ასხურა. მათ ტკბილეული გადასცეს.

"გილოცავთ შობის დღესასწაულს. მთელი საქართველო დალოცვილი იყოს, დალოცვილი იყოს საქართველოსთან ერთად მთელი მსოფლიო", - განაცხადა პატრიარქმა.

ალილოს მონაწილეები უკვე ბარათაშვილის ხიდთან იმყოფებიან. ახვლედიანის აღმართით ისინი პრეზიდენტის რეზიდენციასთან ავლენ, სადაც მათ პრეზიდენტი საახალწლო ნობათს გადასცემს.