მმართველი გუნდი დავით ზალკალიანის საგარეო უწყებაში დაბრუნებას მიესალმება

მმართველი გუნდი დავით ზალკალიანის საგარეო უწყებაში დაბრუნებას მიესალმება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დავით ზალკალიანის დაბრუნებას "ერთმნიშვნელოვნად მიესალმება".

როგორც კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, დავით ზალკალიანი საქართველოს საგარეო სისტემისთვის ძალიან საჭირო კადრია.

რაც შეეხება ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ "თავისუფალი დემოკრატების" მიერ გაკეთებულ განცხადებებს, კვაჭანტირაძემ ხაზი გაუსვა, რომ დავით ზალკალიანი "თავისუფალი დემოკრატების" წევრი აღარ არის.

"მე დათოს განმარტებები არ მომისმენია, მაგრამ ამის მიუხედავად არ შემიძლია ჩემი დამოკიდებულება მის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით ყველაფრისგან დამოუკიდებლად არ გამოვთქვა – ვფიქრობ, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანი, გამოცდილი, საჭირო კადრია. მისი დაბრუნება იმასაც ნიშნავს, რომ თავის დროზე გამოგონილი მიზეზებით მისი ყოფილი გუნდის ხელისუფლებიდან წასვლა მცდარი ნაბიჯი იყო", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

"თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრის, დავით ზალკალიანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ შესაძლო დაბრუნების შესახებ "ინტერპრესნიუსმა" ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ზალკალიანს ჯანელიძის მოადგილედ ოფიციალურად ორშაბათს წარადგენენ.