დემოკრატიული საქართველოს

დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი განიხილება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ადასტურებს, რომ პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარედ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა განიხილება.

როგორც კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი კვირიკაშვილი თავადაც არ არის წინააღმდეგი.

"ბატონი გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა ნამდვილად განიხილება ჩვენი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მას შემდეგ, რაც ბატონმა ღარიბაშვილმა გაახმოვანა თავისი სურვილი, რომ პარტიული პოზიციიდან წავიდეს", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ გიორგი კვირიკაშვილს არ აქვს პარტიული გამოცდილება, კვაჭანტირაძის თქმით, მას მარტო არ დატოვებენ გამოცდილი პარტიული კადრები, შესაბამისად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

მისივე განმარტებით, კვირიკაშვილის კანდიდატურა განიხილება არა იმიტომ, რომ ის პრემიერია, არამედ იმიტომ, რომ ეს არის გუნდის სურვილი.

"თავად გუნდს სურს, რომ კვირიკაშვილი იხილოს პარტიის და კოალიციის ლიდერად", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

კითხვაზე, იქნება თუ არა გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი, კვაჭანტირაძის თქმით, ამაზე მსჯელობა გუნდის შიგნით უნდა მოხდეს.