საგარეო საქმეთა მინისტრი ადასტურებს, რომ დავით ზალკალიანს მისი მოადგილეობა შესთავაზა

საგარეო საქმეთა მინისტრი ადასტურებს, რომ დავით ზალკალიანს მისი მოადგილეობა შესთავაზა

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ადასტურებს, რომ მისი მოადგილის თანამდებობაზე "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრის, დავით ზალკალიანის კანდიდატურა განიხილება.

როგორც ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დავით ზალკალიანი გამოცდილი, პროფესიონალი დიპლომატი და საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ღირებული კადრია.

"დავით ზალკალიანი არის ძალიან ღირსეული კანდიდატურა, ასევე გამოცდილი, პროფესიონალი დიპლომატი, ღირებული კადრი საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის. მე მასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მიმუშავია - მოგეხსენებათ, ერთად ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს ასოცირების შეთანხმებაზე. რა თქმა უნდა მას, როგორც კანდიდატს განვიხილავთ და თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამის შესახებ აუცილებლად გაიგებთ", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

"თავისუფალი დემოკრატების" ყოფიი წევრის, დავით ზალკალიანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ შესაძლო დაბრუნების შესახებ "ინტერპრესნიუსმა" ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ზალკალიანს ჯანელიძის მოადგილედ ოფიციალურად ორშაბათს წარადგენენ.