პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეობა, შესაძლოა, ახალ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ჩააბარონ.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, პარტიის ლიდერები "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტის შეთავაზებას სწორედ კვირიკაშვილისთვის გეგმავენ.
პრემიერ-მინისტრი პარტიის წევრი არ არის, თუმცა "ქართული ოცნების" წარმომადგენლები პირად საუბრებში იმედს გამოთქვამენ, რომ კვირიკაშვილი პარტიაშიც შევა და მის თავმჯდომარეობაზეც არ იტყვის უარს. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ სახელისუფლებო პარტიას სწორედ უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირმა უნდა უხელმძღვანელოს.
"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" პარტიის ახალ თავმჯდომარეს ყრილობაზე აირჩევს, რომლის ჩატარებაც გაზაფხულზე იგეგმება. სავარაუდოდ, სწორედ ამ ყრილობით გახსნის "ქართული ოცნება" საარჩევნო კამპანიას.