"თავისუფალ დემოკრატებში" დავით ზალკალიანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ

"თავისუფალ დემოკრატებში" დავით ზალკალიანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ განუცხადა, მიესალმება, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავით ზალკალიანს საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნება შესთავაზა.

"დიახ, ვადასტურებთ ამ ინფორმაციას. დავით ზალკალიანი იყო არის და რჩება ჩვენს თანამოაზრედ, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელია პარტიულ საქმიანობასთან შეხება არ ჰქონია და ლევან მიქელაძის ფონდს ხელმძღვანელობდა.

დავით ზალკალიანი არის მაღალი კვალიფიკაციის დიპლომატი და მივესალმები, რომ პრემიერმა კვირიკაშვილმა მას შესთავაზა საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნება. ახალი პრემიერის ეს ნაბიჯი იმედს აჩენს, რომ პრემიერი ორიენტირს იღებს პროფესიონალ კადრებზე", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

როგორც ცნობილია, დავით ზალკალიანმა საგარეო უწყება, მინისტრის თანამდებობიდან მაია ფანჯიკიძის გადადგომის შემდეგ დატოვა. ის ბოლო პერიოდამდე "თავისუფალი დემოკრატების" გუნდის წევრი იყო, თუმცა დაახლოებით ერთი წლის წინ პარტიის რიგები დატოვა.