აბაშიშვილი გამორიცხავს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატი ის იქნება

აბაშიშვილი გამორიცხავს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატი ის იქნება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის ინფორმაციით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მისი ეროვნული ბანკის საბჭოს სავარაუდო წევრობასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

"მე კიდევ ერთხელ გამოვრიცხავ, რომ ვიყო ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი", - განაცხადა აბაშიშვილმა.

საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭო ეროვნული ბანკის მმართველობის უმაღლესი ორგანოა, რომელიც ცხრა წევრისგან შედგება. იგი უფლებამოსილია განსაზღვროს ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, ბანკის ოპერაციების ლიმიტები, პროცენტული განაკვეთები ბანკის სააღრიცხვო და სასესხო ოპერაციების მიხედვით ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში შესანახი სავალდებულო რეზერვების დონე. დაამტკიცოს ეროვნული ბანკის ბიუჯეტი. ზედამხედველობა გაუწიოს მათ განხორციელებას. დაადგინოს სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესი. წარადგინოს წინადადებები ეროვნული ბანკის საწესდებო კაპიტალის მოცულობაში ცვლილებების შეტანის შესახებ. შექმნას სპეციალური დანიშნულების რეზერვები. განიხილოს, დაამტკიცოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ეროვნული ბანკის წლიური მოხსენებები და საფინანსო ანგარიშგებანი.

საბჭოს წევრად პარლამენტის მიერ შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე ქვეყნის პრეზიდენტის წარდგინებით. მათი უფლებამოსილების ვადაა 7 წელი. საბჭო ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით, ხოლო სამ ვიცე-პრეზიდენტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით ბანკის საბჭოს წევრთაგან ამტკიცებს.