პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატს იანვრის ბოლომდე წარადგენს.
როგორც აბაშიშვილმა განაცხადა, კანდიდატს პრეზიდენტი სამოქალაქო საზოგადოების აზრის გათვალისწინებით შეარჩევს.
"გასულ წელს შევარჩიეთ ეროვნული ბანკის ერთი კანდიდატი, ბატონი ყაველაშვილი, რომელიც წარმატებულად იქნა დამტკიცებული პარლამენტის მიერ. ასევე იყო უზენაესი სასამართლოს და ცესკოს შემთხვევაში. სამოქალაქო საზოგადოებას ვეკითხებით კანდიდატებს, ასევე ნებისმიერს შეუძლია მისი კანდიდატურა წარმოადგინოს ექსპერტებთან განსახილველად. ამის შემდეგ, პრეზიდენტისთვის ხდება კანდიდატურების შეთავაზება და ის მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას", - აღნიშნა აბაშიშვილმა.
მისი თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე არსებობს რამდენიმე კანდიდატი. აბაშიშვილი განმარტავს, რომ მომდევნო კვირაში იქნება შეხვედრა ექსპერტებთან, რის შემდეგაც არაუგვიანეს იანვრის ბოლოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს დაასახელებს.
აბაშიშვილი გამორიცხავს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ 2016 წლის ბოლომდე ვერ მოხდება კანდიდატის არჩევა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ფუნქციას მოვალეობის შემსრულებელი შეასრულებს.
"პრაქტიკულად გამოვრიცხავ ამ სცენარს, რადგან არანაირი ლოგიკა არ არის აქ. გამოვრიცხავ წინასწარ განზრახულობას საბჭოს კანდიდატის არდამტკიცებასთან დაკავშირებით. ცხადია პარლამენტი ამ თემაზე იმსჯელებს და მივესალმებით კვალიფიციურ დისკუსიას კანდიდატურასთან დაკავშირებით. მაგრამ კანდიდატურის არდამტკიცება, არც პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, არც ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის თვალსაზრისით არ იქნებოდა გამართლებული. ამ შემთხვევაში რისკის ქვეშ ვაყენებთ ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას. საქართველოს ეკონომიკა სერიოზული გამოწვევების წინაშე იმყოფება და მათ შორის ის პერიოდი, რასაც ჰქვია ქვეყნისთვის საარჩევნო წელი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ ბანკს ჰყავდეს ახალი ხელმძღვანელი", - განაცხადა აბაშიშვილმა.