პროკურატურა არის სამარცხვინო, ჩაფარცხვის დაწესებულება

პროკურატურა არის სამარცხვინო, ჩაფარცხვის დაწესებულება

ალეკო ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ პროკურატურა ბესელია-კობახიძეს "ანგარიშს ყოველდღიურად აბარებს", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ელისაშვილმა ე.წ. შეწყალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში, მას გამომძიებელი არ დაკავშირებია და უცნობია, რა ეტაპზეა საქმე.

რაც შეეხება ელისაშვილის პირად მობილურ ტელეფონს, რომლის ექსპერტიზაც ამ დრომდე არ დასრულებულა, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, გამომძიებლისგან მიღებული ინფორმაციით, ექსპერტიზის ჩატარებას 6 თვემდე დრო სჭირდება.

"პროკურატურისგან, როგორც ჩაფარცხვის დაწესებულებისგან გაუგებარია, რატომ გამოაქვეყნეს ჩემი ტელეფონის ვიზუალური დათვალიერების შედეგები, მაშინ როდესაც ექსპერტიზა არ დასრულებულა. ეს არის პოლიტიკური მხარე - პროკურატურა არის სამარცხვინო, ჩაფარცხვის დაწესებულება, რომელსაც ხელმძღვანელობს კეზერაშვილის მაღალჩინოსანი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მაღალჩინოსანი ირაკლი შოთაძე. მისგან ეს მოსალოდნელია. ბოლო პერიოდში კონტაქტი არ მქონია გამომძიებელთან, თუმცა დარწმუნებული ვარ, ბესელია-კობახიძეს ყოველდღიურ ანგარიშს აბარებს პროკურატურა", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამასთან, როგორც შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნა, "ისეთი თემები წამოტივტივდა ბესელია-კობახიძის ირგვლივ, პროკურატურაც კი ვერ გაექცა, რომ ეს საკითხები არ დაეყენებინა".

ელისაშვილის თქმით, ამას ცხადყოფს შეწყალების კომისიის და პოლიტპატიმართა სიებთან დაკავშირებული გამოძიებების შესაძლო გაერთიანება, რომლის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

"ეს საკითხი უნდა გაირკვეს, რისთვისაც საჭიროა საგამოძიებო კომისიის შექმნა", - აღნიშნა ელისაშვილმა, რომლის ინფორმაციითაც, "თავისუფალი დემოკრატები" საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს.

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ "ქართულ ოცნებაშიც" "აღმოაჩნდებათ საღი აზრი" და კომისია შეიქმნება.