ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დიდთოვლობის გამო მთავრობა საგანგებო რეჟიმში მუშაობდა.
როგორც ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, კოორდინირებულად მოქმედების და 4-დღიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, სიტუაცია სტაბილურდება.
"მინდა შევაჯამო და საზოგადოებას მივაწოდო ბოლო ინფორმაცია, დიდთოვლობასთან დაკავშირებით მთავრობის 4-დღიანი მუშაობის შესახებ. დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო, რეჟიმში, კოორდინირებულად მოქმედებენ და 4-დღიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, სიტუაცია სტაბილურდება", - აღნიშნა მინისტრმა.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, დასავლეთ საქართველოში, სასიცოცხლო მნიშვნელობის ყველა ობიექტი შეუფერხებლად ფუნქციონირებს. რეგიონებში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და 100-მდე ერთეული ტექნიკა, რომლებიც საგანგებო, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, ადგილებზე იმყოფებიან ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები.