მარტივი ლოგიკაა, რომ უმჯობესია გვყავდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ვიდრე მოვალეობის შემსრულებელი

მარტივი ლოგიკაა, რომ უმჯობესია გვყავდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ვიდრე მოვალეობის შემსრულებელი

მარტივი ლოგიკიდან უნდა ამოვიდეთ – ყოველთვის უმჯობესია გვყავდეს პრეზიდენტი, ვიდრე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის დოქტორმა გიორგი ღაღანიძემ არასამთავრობო სექტორის ერთი ნაწილის იმ მოსაზრებაზე კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის შემცვლელის დანიშვნა შესაძლოა წლის ბოლომდე გაჭიანურდეს.

როგორც ღაღანიძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის დროულად შერჩევა "კარგი იქნება დონორებთან, სავალუტო ფონდთან და ყველასთან ურთიერთობაში".

"ძალიან კარგი იქნება, თუ ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი გვეყოლება ახლავე. ეს ნიშნავს, რომ ყველა მხარე, პროცესში მონაწილე ყველა სუბიექტი შეჯერდა, შეთანხმდა და ისეთი კანდიდატურის წარდგენა მოხდა, რომლის პროფესიული, პიროვნული თვისებები ყველას აკმაყოფილებს და ის იქნება პოლიტიკურად დამოუკიდებელი ფიგურა.

აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის მისწრაფება, რომ ახლავე იყოს არჩეული ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, აბსოლუტურად სწორი და ლეგიტიმურია. რასაკვირველია, ყოველთვის უმჯობესია გვყავდეს პრეზიდენტი, ვიდრე მოვალეობის შემსრულებელი, თანად არ დაგვავიწყდეს, რომ "მოვალეობის შემსრულებელსაც" – ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტსაც უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება", - განაცხადა ღაღანიძემ.