"ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს" ახალი თავმჯდომარე გაზაფხულიდან ეყოლება

პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ყრილობა გაზაფხულზე ჩატარდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა. სწორედ აღნიშნულ ყრილობაზე აირჩევენ "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ახალ თავმჯდომარეს.

 "კონსულტაციები გვქონდა და წინასწარი გეგმის მიხედვით, ყრილობა გაზაფხულზე ჩატარდება. უფრო კონკრეტულ თარიღს, ჯერჯერობით ვერ დავაკონკრეტებთ, ვინაიდან არ არის შეთანხმებული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეობის კანდიდატებს, კობახიძის თქმით, პარტიის შიგნით ამ საკითხზე ჯერჯერობით არ უმსჯელიათ და კონსულტაციები ახლო მომავალში გაიმართება.

პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დატოვა.