მამუკა ახვლედიანი - არსებობს სახიფათო ტენდენცია, როდესაც მოსამართლეები პრობლემებზე ღიად საუბარს ერიდებიან

მამუკა ახვლედიანი - არსებობს სახიფათო ტენდენცია, როდესაც მოსამართლეები პრობლემებზე ღიად საუბარს ერიდებიან

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის შეფასებით, არსებობს სახიფათო ტენდენცია, როდესაც მოსამართლეები პრობლემებზე ღიად საუბარს ერიდებიან. ამის შესახებ მამუკა ახვლედიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას - გაიზიარეს თუ არა საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა მისი პოზიცია.
როგორც გუშინ, საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა შეხვედრის დასრულების შემდეგ მამუკა ახვლედიანმა განაცხადა, ამ შეხვედრიდან დადასტურდა, რომ მოსამართლეებისგან განსხვავებული პოზიციის მოსმენა ნაკლებად არის შესაძლებელი. "მე სხვა კოლეგების აზრი ვიცი და სწორედ ეს არის საშიში ტენდენცია, რომ უმეტესობა შეიძლება არსებობდეს ერთ აზრზე ან შეიძლება იყოს ჩუმად. სახიფათო ტენდენციაა, რომ მოსამართლეები პირად საუბარში საუბრობენ რაღაც საკითხებზე და ერიდებიან თუნდაც თავიანთ კოლეგებთან საჯარო წესით პოზიციის დაფიქსირებას. ზეწოლას ვერ ვიტყვი, თუმცა დიდი ნაწილი ერიდება ზოგადად საუბარს პრობლემატიკაზე, მით უმეტეს დანიშვნის წესზე, როცა მოსამართლეთა 80 პროცენტს 2017 წელს ეწურება ვადები. შესაბამისად, ამ საბჭოსთან მოუწევს მათ დანიშვნები და მათ მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ აზრს ნაკლებად ველოდები", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა. მისივე თქმით, გუშინდელ შეხვედრაზე იუსტიციის საბჭოს წევრებმა სრულიად სხვა კუთხით წაიყვანეს შეხვედრა და კითხვები დასვეს არა თუ პრობლემებზე, არამედ მის მიერ გაკეთებული განცხადებების აუცილებლობით დაინტერესდნენ. "აბსოლუტურად სხვა კუთხით წაიყვანეს იუსტიციის საბჭოს წევრებმა საკითხი და სხვა დეტალიზაციაზე მოახდინეს ყურადღების გამახვილება – ამ დროს უნდა გაკეთებულიყო თუ არა განცხადება, რა ფორმით უნდა გაკეთებულიყო განცხადება და რატომ აქამდე არ ვსაუბრობდი ამ თემებზე. ძირითადი აქცენტი ამ საკითხებზე იყო და არა იმ თემებზე, რაზეც მე ვსაუბრობდი. გამიკვირდა საბჭოს ყველა წევრი ასე შეხმატკბილებულად, ერთი და იგივე მომზადებული სცენარით საუბრობდა ერთსა და იმავე საკითხებზე სხვადასხვა კონტექსტში. ეს ყველაფერი წინასწარ განაწილებულ როლებს ჰგავს, რაც კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ალბათ მართალი ვიყავი, როდესაც ასეთ განცხადებებს ვაკეთებდი", - განაცხადა ახვლედიანმა. კითხვაზე, შეიძლება თუ არა, პროცესი იქითკენ მიდიოდეს, რომ ახვლედიანმა ვადაზე ადრე დატოვოს თანამდებობა, მან განაცხადა, რომ ამის "გარკვეული ნიშნები არსებობს". "შესაძლოა გარკვეული ნიშნები ამისაც იყო. რაღაც მენეჯმენტის კუთხით პრობლემებს ხედავენ. თურმე ხშირად ვარ მივლინებაში. მე პირიქით ვურჩევდი, რომ ბევრი მოსამართლე იყოს მივლინებაში, ბევრს ისწავლიან", –აღნიშნა მამუკა ახვლედიანმა.