იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს ხვდებიან

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს ხვდებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი ესწრებიან.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა აღნიშნეს, მათთვის გაუგებარია მამუკა ახვლედიანის გარკვეული ტიპის განცხადებები, მათ შორის მოსამართლე წევრები არ ეთანხმებიან სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ე.წ. კლანებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

"პირველ რიგში მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ, რა პრეტენზიები აქვს მამუკა ახვლედიანს. ცოტა არ იყოს ბუნდოვანია მისი განცხადებები. მოსამართლეების ნაკლებობის პრობლემა ნამდვილად არსებობს, თუმცა ეს მხოლოდ საქალაქო სასამართლოს პრობლემა არ არის. ასევე საინტერესოა რას გულისხმობს ბატონი მამუკა ახვლედიანი, როდესაც კლანურ მმართველობასთან დაკავშირებით აკეთებს განცხადებებს. ჩვენ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა ვისაუბროთ. შესაბამისად, კარგი იქნება დღეს მისი დასაბუთებული არგუმენტაცია მოვისმინოთ", - განაცხადა იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრმა თამარ ალანიამ.

არგუმენტების მოსმენას ელოდება იუსტიციის საბჭოს კიდევ ერთი მოსამართლე წევრი შოთა გეწაძეც.

"პრობლემების უდიდესი ნაწილი, რომელიც მამუკა ახვლედიანმა ჩამოთვალა, არ არსებობს, თუნდაც მოსამართლედ დანიშვნის კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ეს საკანონმდებლო დონეზეა დარეგულირებული და აქ პრობლემებს ვერ ვხედავ. ჩვენ სხვა არაერთი ისეთი საკითხი გვაქვს, რომელიც პრობლემას არ წარმოადგენს. სამწუხაროა, რომ მათი წარმოჩენა ხდება როგორც პრობლემური საკითხების", - განაცხადა შოთა გეწაძემ.

შეხვედრა იუსტიციის საბჭოს წევრებისა და საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს შორის ჟურნალისტებისთვის დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.