ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია სამეგრელოში ხეების დაზიანება

ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია სამეგრელოში ხეების დაზიანება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში ხეების მოჭრის ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია მათი დაზიანება.

ფაქტს სამართალდამცავები იძიებენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ლევან შონიას განცხადებით, ადგილზე, სადაც ხეების მოჭრის ფაქტი დაფიქსირდა, ელექტროენერგიის გადამცემი ანძები იყო განლაგებული. ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით რეგიონში მცირე პრობლემები შეიქმნა, თუმცა გუბერნატორის განცხადებით, პრობლემა დღის ბოლომდე აღმოიფხვრება. მისი განმარტებით, სამეგრელოში, ელექტროენერგიის მიწოდება ყველა აბონენტს დღის ბოლომდე აღუდგება.

გუბერნატორის ინფორმაციით, ამინდის გაუარესების გამო, სამეგრელო-ზემო სვანეთში საგანგებო შტაბები შეიქმნა. ლევან შონიას თქმით, ამ დროისთვის, ჩხოროწყუში გათიშულია 100 აბონენტი, თუმცა მათ დენის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგებათ. რაც შეეხება აბაშას, გუშინ, იქ პრობლემა არ იყო და მოსახლეობას ელექტროენერგია ჩვეულ რეჟიმში მიეწოდებოდა.

„იყო მცირე გათიშვები, მაგრამ დენის მიწოდება სწრაფად აღდგა. ზუგდიდში კი, 800 მდე აბონენტია გათიშული. დღეს, „ენერგო პროს“ თანამშრომლები, ოპერატიული ჯგუფები მუშაობენ და რეგიონში, დღის ბოლომდე ელექტროენერგიის მიწოდება ყველას აღუდგება. ამასთან, პრობლემა მარტვილშიც არ შექმნილა. წალენჯიხაში, 500 მდე აბონენტს დენი დღის ბოლომდე მიეწოდება. ახლა, ამინდი კვლავ ფუჭდება, მაგრამ ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები „ენერგო პროსთან“ ერთად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. ცენტრალურ მაგისტრალებზე გადაადგილების პრობლემა პრაქტიკულად, არ არის; გაწმენდილია გზები“,-განაცხადა ლევან შონიამ.