არასაპარლამენტო ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს მიმართავს

არასაპარლამენტო ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს მიმართავს

არასაპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო რეფორმის საკითხებზე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს. შესაბამისი მიმართვა კვირიკაშვილისადმი ინტერპარტიული ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე იქნა მიღებული.

"საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის პოლიტიკური გაერთიანებები მივესალმებით თქვენს დიდ სურვილს ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფის შესახებ. ასევე თქვენს მზადყოფნას უახლოეს მომავალში დაიწყოს შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლებთან, მათ შორის ბიზნესწრეებთან და არასამთავრობო სექტორთან. ზემოთქმულიდან და საკითხის გადაუდებლობიდან გამომდინარე გამოვთქვამთ მზადყოფნას თქვენთან შესახვედრად საარჩევნო რეფორმის განვითარების შემდგომი პროცესის განსახილველად, - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ "ახალი მემარჯვენეები", "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", "თავისუფლება", "თავისუფალი საქართველო", "რეფორმატორები", "სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის", "ევროპელი დემოკრატები", "ლეიბორისტული პარტია", "პატრიოტთა ალიანსი", "ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა", "ტრადიციონალისტთა კავშირი" და "ქრისტიან-დემოკრატიული პარტია".

მიმართვაზე ხელმომწერები იმედოვნებენ, რომ გიორგი კვირიკაშვილს ექნება უფრო კონსტრუქციული თანამშრომლობა ოპოზიციასთან, ვიდრე ეს მის წინამორბედს ჰქონდა.

"ყოფილი პრემიერი ღარიბაშვილი თვლიდა, რომ თუ იგნორირებას გაუკეთებდა ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს, ამით დიდ ქულებს ჩაიწერდა, მაგრამ რაც ჩაიწერა, ყველამ კარგად ვნახეთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი სიჯიუტით და არაადეკვატურობით არ იქნება გამორჩეული ახალი პრემიერი და იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ საუბრის დაწყებას საარჩევნო სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებით", - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა.

კონკრეტულად საარჩევნო სისტემის რა მოდელს შესთავაზებენ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს, ჯერჯერობით არ კონკრეტდება.

მამუკა კაციტაძის თქმით, ამაზე საუბარი მხოლოდ პრემიერთან შეხვედრაზე იქნება.

"ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლები ჩამოვყალიბდით, რომ შესაძლებლად მოკლე დროში შევხვდეთ ახალ პრემიერ-მინისტრს, რომელიც არის უმაღლესი თანამდებობის პირი, მთავრობის ხელმძღვანელი, ხოლო მთავრობა არის პასუხისმგებელი არჩევნების ჩატარებაზე. რაც შეეხება იმას, თუ რა წინადადება გვექნება მასთან, ეს კონკრეტიკა იქნება შეხვედრის დროს", - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

მისივე აზრით, არჩევნებამდე საკმარისი დრო რჩება საარჩევნო კოდექსში და კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების გატარებისთვის.