იუსტიციის უმაღლესი საბჭო მამუკა ახვლედიანის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე დღეს შეხვედრას გამართავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მამუკა ახვლედიანის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე დღეს შეხვედრას გამართავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მამუკა ახვლედიანის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეთა კორპუსთან დღეს, 17.00 საათზე შეხვედრას გამართავს.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოლს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ განუცხადა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეატყობინა მამუკა ახვლედიანს, რომ დღე, 17.00 საათზე უზრუნველყოს საქალაქო სასამართლოში შეხვედრა.

გვენეტაძის თქმით, დაესწრება თუ არა შეხვედრას თავად ახვლედიანი, ეს მისი გადასაწყვეტია.

"დღეს სამი საკითხი განვიხილეთ. პირველი საკითხი უკავშირდება მამუკა ახვლედიანის მიერ 29 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებებს. დეტალურად განვიხილეთ მის მიერ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნები, საბჭომ განხილვის პროცესში მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღეს 17.00 საათზე საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობით შეხვდება როგორც ბატონ ახვლედიანს, თუკი ეს მისი სურვილი იქნება, ასევე, სასამართლო კორპუსს და ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც მონაწილეობას იღებს საქალაქო სასამართლოს საქმიანობაში. ბატონი ახვლედიანის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით მოვისმენთ მოსამართლეების პოზიციას და ამ საკითხებზე დეტალურად ვიმსჯელებთ", - განაცხადა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე ელოდებოდა მამუკა ახვლედიანს, თუმცა არ მივიდა და შესაბამისად, კრიტიკული შენიშვნები და ამ შენიშვნების მოტივაცია, საბჭოს წევრებს არ განუმარტა.