მართლები არ არიან, როდესაც ამტკიცებენ, თითქოს მაჟორიტარული სისტემა ქვეყნისთვის დამანგრეველია

მართლები არ არიან, როდესაც ამტკიცებენ, თითქოს მაჟორიტარული სისტემა ქვეყნისთვის დამანგრეველია

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის გია ვოლსკის განცხადებით, საარჩევნო სისტემა, არჩევნებზე საუბარი, 200 000 ხელმოწერის შეგროვება პარტიული ორგანიზაციის ყოველდღიური ცხოვრებისთვის, გადარჩენისთვის, პარტიული პროცესების ზედაპირზე თავის შენარჩუნების მთავარი მექანიზმია.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე გაკეთებული ამ კომენტარით გია ვოლსკი გამოეხმაურა საარჩევნო სისტემის ცვილებასთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყების თაობაზე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილისადმი ოპოზიციის მიმართვას.

"პარტიულმა ორგანიზაციამ თავისი საქმიანობა, რასაკვირველია, ამ მიმართულებით უნდა განავითაროს, მაგრამ ვფიქრობ, არ არიან მართლები საზოგადოების წინაშე და არ არიან მართლები იმის მტკიცებით, თითქოსდა, მაჟორიტარული სისტემა ქვეყნისთვის დამანგრეველია, როდესაც განვითარებული დემოკრატიების ბევრ ქვეყანაში მაჟორიტარული სისტემაა. გამორიცხულია, რომ ვენეციის კომისიაც ქვეყანას სისტემაზე ედავოს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დეპუტატი ფიქრობს, რომ ოპოზიციის აღნიშნულ ინიციატივას არ ექნება პერსპექტივა.

"მგონი ის დროა მზადება დაიწყონ არჩევნებისთვის იმ სისტემით, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლომ და ვენეციის კომისიამ თავისი მოსაზრება უკვე გამოხატეს", - დასძინა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.