პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ე.წ. შეწყალების საქმეზე პროკურატურას 9200-გვერდიანი მასალა გადაუგზავნა

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ე.წ. შეწყალების საქმეზე პროკურატურას 9200-გვერდიანი მასალა გადაუგზავნა

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ე.წ. შეწყალების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გაგზავნილ ყველა წერილს უპასუხა. საგამოძიებო უწყებაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან შეწყალებასთან დაკავშირებული 9 200-ზე მეტ გვერდიანი მასალა გადაიგზავნა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, თავდაპირველად პროკურატურას 1780-გვერდიანი მასალა მიეწოდა, მეორედ კი, კიდევ 7500-გვერდიანი დოკუმენტაცია გაეგზავნა.

პროკურატურამ შეწყალებასთან დაკავშირებული გარკვეული ინფორმაციის მიწოდების თხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციას დეკემბრის შუა რიცხვებში მიმართა. უწყებამ ამ მიზნით ადმინისტრაციას რამდენიმე წერილი გადაუგზავნა.

საქმე ეხება შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის მიერ რამდენიმე კვირის წინ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას, რომელიც კონკრეტული პატიმრების შეწყალების მოთხოვნით, ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნის მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლას შეეხება.