საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს მოეთხოვება, ეთიკის ნორმების დაცვით გააკეთოს განცხადებები

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს მოეთხოვება, ეთიკის ნორმების დაცვით გააკეთოს განცხადებები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას, მიწვევის მიუხედავად, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი არ ესწრება.

როგორც ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ სხდომის დაწყებამდე განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე პირველ საკითხად განიხილება მამუკა ახვლედიანის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული საჯარო განცხადებები, სადაც ის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აკრიტიკებს და ის მოწვეული იყო დღევანდელ სხდომაზე, თუმცა არ გამოცხადდა.

"მამუკა ახვლედიანი არის მოწვეული დღევანდელ სხდომაზე იმ განცხადებებთან და პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომელიც აქვს. საბჭო მზად არის მოისმინოს მისი პოზიცია და დასაბუთებული პასუხები გასცეს. მან უნდა განმარტოს, თუ რას ნიშნავდა მისი განცხადებები მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის და სხვა საკითხების შესახებ", - განაცხადა გვენეტაძემ.

რაც შეეხება ახვლედიანის განცხადებას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა დაიშალოს და გვენეტაძემ დატოვოს თანამდებობა, გვენეტაძის თქმით, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს მოეთხოვება, ეთიკის ნორმების დაცვით გააკეთოს განცხადებები.