მამუკა ახვლედიანი არ გამორიცხავს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა კორპუსი დაუპირისპიროს

მამუკა ახვლედიანი არ გამორიცხავს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა კორპუსი დაუპირისპიროს

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი არ გამორიცხავს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა კორპუსი დაუპირისპიროს. ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მამუკა ახვლედიანის თქმით, ამის მცდელობა ნამდვილად არის, თუმცა ჯერჯერობით "დასაშვებ ფარგლებშია".

მამუკა ახვლედიანის თქმით, დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს განიხილავენ.

"დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაა დანიშნული. არ ვიცი რა საკითხებს განიხილავენ. მეც შემატყობინეს და მითხრეს რომ სხდომაა, თუმცა არ ჩავთვალე საჭიროდ სხდომაზე მისვლა. შეფასებებს აპირებენ ჩემი განცხადებების. მე ვფიქრობ, რომ ჩემს განცხადებებზე მნიშვნელოვანი პრობლემატიკა არსებობს სასამართლო სისტემაში და სჯობს ამ საკითხებზე იმსჯელონ. ის, რომ ჩემს განცხადებებს განიხილავენ, ჩემთვის ცნობილი გახდა, როდესაც ტელეფონით შემატყობინეს", -განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, მის მიერ ერთი კვირის წინ გაკეთებული განცხადებები არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკას და ეს სასამართლოს შიგნით არსებული თემებია, რაზე საუბარიც მან საჯაროდ მიიჩნია.