იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული მოსამართლეები დღეს მუშაობას შეუდგნენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული მოსამართლეები დღეს მუშაობას შეუდგნენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული 38 მოსამართლე დღეს მუშაობას შეუდგა. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ამ მოსამართლეებიდან მხოლოდ 8 არის ახლად დანიშნული და მათ დღეს ფიცი დადეს. ხელახლა არჩეულებს შორის არის ლევან მურუსიძეც.

ლევან მურუსიძე მედიასთან მცირე კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ მუშაობას გააგრძელებს, როგორც რიგითი მოსამართლე.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ კი განაცხადა, რომ მოსამართლეები, რომლებიც კენჭისყრის შედეგად დღეს გამწესდნენ მოსამართლეებად, უკვე არიან საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რიცხვში.

"მათ მიერ სამართალწარმოების განხორციელებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა სასამართლოს პრესტიჟის და ავტორიტეტის განსამტკიცებლად. რაც შეეხება საზოგადოების რეზონანსს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების დამოკიდებულებას, ეს არის მათი პოზიცია. სასამართლოს რეფორმის საკითხს რაც შეეხება, მე შემიძლია დავაზუსტო რომ, რეფორმების მესამე ეტაპის კანონპროექტები პარლამენტშია წარმოდგენილი და ჩვენ ველოდებით პარლამენტის აქტივობას ამ საკითხებთან მიმართებაში", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

კითხვაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება თუ დგას დღის წესრიგში, ნინო გვენეტაძემ განმარტა, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში მომზადებულ ცვლილებებთან დაკავშირებით დღემდე ასეთი რეფორმირება არ იყო.

"თუმცა, რიგი საკითხები, საბჭოს წევრთა მიერ უფლებამოსილების განხორციელების საკითხებთან, გამჭვირვალობასთან, კვორუმთან დაკავშირებით გარკვეული საკითხები იყო, მაგრამ ის საკითხები, რაზეც თქვენ კითხულობთ, ამაზე სარეფორმო წინადადებებში რასაკვირველია, არ ყოფილა მსჯელობა," – განუცხადა ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებს.