სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარის მიერ ალტერნატიული ძალის შექმნაზე საუბარი ნიშნავს, რომ ის პარტიიდან გააგდეს

სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარის მიერ ალტერნატიული ძალის შექმნაზე საუბარი ნიშნავს, რომ ის პარტიიდან გააგდეს

სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარის მიერ ალტერნატიული ძალის შექმნაზე საუბარი ნიშნავს, რომ ის გააგდეს პარტიიდან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა.

ხუხაშვილის თქმით, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, თავისი გუნდი ჩამოაყალიბოს, იუმორად შეიძლება შეფასდეს.

"იმისთვის, რომ პარტია შექმნა, უნდა გქონდეს საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი, პოლიტიკური ავტორიტეტი. გამომდინარე იქიდან, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უბრალოდ ჩრდილი იყო და საკუთარი პოლიტიკური ბეგრაუნდი, ვიღაცისგან დამოუკიდებელი, ვერ შეიქმნა, ბიძინა ივანიშვილის ეს გამონათქვამი რაღაცნაირად იუმორად შეიძლება შეფასდეს. მან თქვა მთავარი რამ, რომ ის აღარ იქნება სახელისუფლებო პარტიაში და ალტერნატიული პარტია შექმნას ადამიანმა, რომელიც სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარე იყო, ნიშნავს, რომ ის უბრალოდ გააგდეს პარტიიდან. ნებისმიერი პარტიის ამოცანა რა არის? – რომ მოვიდეს ხელისუფლებაში. როდესაც უკვე სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარე მიდის და საუბარია იმაზე, რომ მან შექმნას ალტერნატიული პარტია, ვიმეორებ, ეს ნიშნავს, რომ ის გააგდეს პარტიიდან", - განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის სამომავლო პერსპექტივებს, ხუხაშვილი მას წარმატებებს უსურვებს, თუმცა იმავე სფეროში, სადაც პოლიტიკაში მოსვლამდე საქმიანობდა.

"ის არის საშუალო რანგის მენეჯერი, საკმაოდ კვალიფიციური, კარგი განათლებამიღებული და ვუსურვებ წარმატებას. თუმცა ის, რომ მან სახელმწიფო მაღალ თანამდებობაზე კიდევ რაღაც როლი ითამაშოს, ძალიან არასერიოზული იქნებოდა", - განაცხადა ხუხაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რომელმაც პრემიერ-მინისტრისა და კოალიცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, ის ახლა აპირებს "უბრალოდ დაისვენოს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს". ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კი ტელეკომპანია GDS-ის ეთერში განაცხადა, რომ "თუ სურვილი გაუჩნდება, ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, საკუთარი პოლიტიკური გუნდი ჩამოაყალიბოს".