თოვლმა და ყინვამ ბათუმში პრობლემები შექმნა. მოყინული გზების გამო ქალაქში გადაადგილება გართულებულია. სასწრაფო დახმარების ინფორმაციით, ყინულზე დაცემის შემთხვევების გამო , 13 გამოძახება დაფიქსირდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა მინდია კახიძემ განუცხადა, 13 გამოძახებიან დახმარება ხუთ მოქალაქეს დასჭირდა. მისივე თქმით, ერთ მოქალაქეს წვივ-მაჯის, მეორეს კოჭის მოტეხილობა დაუდგინა, სამ მოქალაქეს კი შედარებით მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა.
თოვლის გამო გადაადგილება გართულებულია პუშკინის ქუჩაზე და ჭაობის დასახლებაში. ბათუმის მერიის სანდასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელის ზურაბ გელაძის თქმით, უხვი ნალექის გამო გზებზე ბორცვები და ორმოებია წარმოქმნილი, რაც აფერხებს მოძრაობას. მისივე თქმით, გაწმენდითი სამუშაოები ფერხდება ქვეფენილიან ქუჩებზე, ხოლო ტროტუარებზე მოსული თოვლის გაწმენდა სპეციალური ტექნიკით განხორციელდება.
"ტროტუარებზე თოვლის საფარი დიდია, რისი გაწმენდაც ნიჩბებით შეუძლებელია. დღის განმავლობაში ტროტუარები სპეცტექნიკით გაიწმინდება. სამუშაოები მიმდინარეობს იმ ადგილებში, სადაც დათოვლილი მანქანებიდან გადმოყრილი თოვლი ქუჩებში ბორცვებს ქმნის და გადაადგილებას აფერხებს. მთელი ქალაქის მასშტაბით ღამით მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, სადაც ქვაფენილია დაგებული იქნება პრობლემები, ყველა ტექნიკა ვერ წმენდს, რადგან ზიანდება ქვაფენილები. ჭაობის მხარეს მიმდინარეობდა კეთილმოწყობითი სამუშაოები, ვერ მოესწრო ასფალტის საფარის დაგება, რის გამოც წარმოქმნილია დიდი ორმოები და ფერხდება მოძრაობა", - აღნიშნა ზურაბ გელაძემ.