ქობულეთში, დიდთოვლობის გამო, მთელი ღამის განმავლობაში სტიქიას ებრძოდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ქობულეთის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ განუცხადა, დიდთოვლობის გამო ქობულეთი-ოზურგეთის მიმართულებით შეფერხდა ავტოსატრანსპორტო მოძრაობა, დაზიანდა მრავალწლიანი ნარგავები და ელექტროგადამცემი ხაზები. გამგებლის ინფორმაციით, ქობულეთის 11 სოფელს შუქი არ მიეწოდება. სულხან ევგენიძის თქმით, ქობულეთის დაბებში თოვლის საფარი 30 სანტიმეტრამდეა, ხოლო სოფლებში 80 სანტიმეტრს აღწევს.
"დაზიანებები გვაქვს ელექტროენერგიის გადამცემ ხაზებზე. 11 სოფელს ნაწილობრივ არ მიეწოდება შუქი. მათ შორის, ლეღვას, ქაქუთს, ხუცუბანს, ბუკნარს, ბობოყვათს, კვირიკეს ნაწილობრივ არ მიეწოდება შუქი. დილიდან ენერგოკომპანიის თანამშრომლები მუშაობენ ელექტროენერგიის აღსადგენად. გურია-ქობულეთის მაგისტრალზე წუხელ ნახევარ საათიანი შეფერხება გვქონდა, შემდეგ უკვე მძიმე ტექნიკა მოვიდა, მარილი მოვაყარეთ და მოძრაობა გამარტივდა. დღეს დილიდან იწმინდება ქობულეთის ქუჩები", - აღნიშნა სულხან ევგენიძემ.
სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შიტაბი, გამგებელ სულხან ევგენიძის ხელმძღვანელობით, მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. გამწვანებისა და სამაშველო სამსახურების თანამშრომლები შემთხვევის ადგილებზე გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებდნენ. მობილიზებული იყო "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკოსთა ჯგუფები, რომლებიც დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ.
ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება ამ წუთებშიც აქტიურად მიმდინარეობს.