დაღესტანში გუშინ განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, - ამის შესახებ რუსული მედია უცხოურ ორგანიზაცია "საიტზე" დაყრდნობით იტყობინება , რომელიც ინტერნეტსივრცეში ისლამისტების საქმიანობის მონიტორინგს ახორციელებს.
"საიტის" ცნობით, ტერორისტულმა დაჯგუფებამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, "სახალიფოს მეომრები დერბენტში რუს ოფიცრებს დაესხნენ თავს".
ეს გახდა პირველი თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზე, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა განახორციელეს.
სროლა დაღესტნის ქალაქ დერბენტში, პოპულარული ტურისტული ღირშესანიშნაობის, "ნარინ-ყალას" ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე გუშინ მოხდა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავდა 11. დაღუპული რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომელია.
სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, "ბოევიკები" ციხე-სიმაგრის მიმდებარედ, ტყის მასივიდან ისროდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდასხმა დაღესტნის ტერიტორიაზე მოქმედმა ბანდფორმირება "იუჟნაიამ" განახორციელა, რომელსაც "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. ერთგულების ფიცი აქვს დადებული.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.