თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტის წინასწარ მონაცემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა.
თბილისის მერის ინფორმაციით, 2015 წლის ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა 30 დეკემბრის მონაცემებითაც გადაჭარბებით - 101%–ით შესრულდა და 966,1 მილიონ ლარი შეადგინა. ნარმანიას თქმით ეს მონაცემი საბოლოო დაზუსტების შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება.
ამასთან, როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, წელს საკასო შესრულების უპრეცენდენტოდ მაღალი - 97%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც 934,1 მილიონ ლარს შეადგენს. ამ მოცულობის საკასო ხარჯი არცერთ წელს არ გაწეულა.
"30 დეკემბრის მონაცემებით, თბილისის მერიის დეპოზიტი ბანკში შეადგენს 5,0 მილიონ ლარს, ხოლო ხაზინის ანგარიშზე - 26,2 მილიონ ლარს. ჯამურად ანგარიშებზე ნაშთი კი დაახლოებით 31,2 მილიონ ლარია, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია - მაგ.: 2012 წელს ნაშთი შეადგენდა 36.7 მილიონ ლარს, ხოლო 2013 წელს 50,4 მილიონ ლარს", - განაცხადა ნარმანიამ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ისევე როგორც ბევრი სხვა საკითხის ირგვლივ ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი, ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით ოპონენტების ვნებათაღელვაც უსაფუძვლო აღმოჩნდა.