საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი კვკრიკაშვილის დანიშვნას ილინოისის უნივერსიტეტის გაზეთი სტატიით „უნივერსიტეტის კურსდამთავრებული საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა“ ეხმაურება.
ფინანსების პროფესორი მორგან ლინჯი, რომელიც საქართველოს პრემიერს სტუდენტობისას ასწავლიდა, ამბობს, რომ გასაკვირი არ არის რომ ასეთი ადამიანი გახდა პარტიის ლიდერი და პრემიერ-მინისტრი, რადგან გირგი კვირიკაშვილი ძალიან ჭკვიანია, სამშობლოზე გული შესტკივა და მისთვის სამსახურის გაწევა უნდა.
„ილინოისის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ოთხშაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშნეს. კვირიკაშვილს მინიჭებული აქვს უნივერსიტეტის ფინანსების მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ფინანსების პროფესორი მორგან ლინჯი, რომელიც სტუდენტობისას ასწავლიდა კვირიკაშვილს, სასიამოვნოდ გააკვირვა მისი ყოფილი სტუდენტის დანიშვნამ. ილინოისის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 17 წელია კვირიკაშვილს ურთიერთობა არ გაუწყვეტია პროფესორ ლინჯთან", - ნათქვამია სტატიაში.
„ძალიან ჭკვიანია. თავის სამშობლოზე გული შესტკივა და მისთვის სამსახურის გაწევა უნდა“, - განაცხადა ლინჯმა.
ლინჯს მიაჩნია, რომ კვირიკაშვილის პიროვნულმა თვისებებმა და განათლებამ დიდი როლი შეასრულა მის დანიშვნაში ასეთ მაღალ თანამდებობაზე.
„ძალიან ჭკვიანი, ინოვაციური და ენერგიული ადამიანია. არ არის გასაკვირი, რომ ასეთი ადამიანი გახდა პარტიის ლიდერი და პრემიერ-მინისტრი“, - განაცხადა ლინჯმა.
სტატიის თანახმად საგარეო საქმეთა მინისტრობის და ეკონომიკის მინისტრობის დროს კვირიკაშვილი ხელს უწყობდა ყველა იმ ინიციატივას, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის განმტკიცებასა და უცხოელი ინვესტორების თვალში ქვეყნის მიმზიდველობის გაზრდას ემსახურება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი გამოთქვამს იმედს, რომ „საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენ დავამკვიდრებთ საქართველოს, როგორც ევროპული ქვეყნის, იმიჯს, რომელიც ამავე დროს არის ხიდი ევროპასა და აზიას შორის“.
http://www.dailyillini.com/article/2015/12/ui-alum-new-georgian-pm