სინოპტიკოსების ინფორმაციით, თბილისში თოვა ახალი წლის ღამეს, დაახლოებით 02:00 საათის შემდეგ დაიწყება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, თბილისში ახალი წლის ღამეს ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება.
ამ მომენტისთვის თოვს ბათუმში, ქობულეთში და მაღალმთიან რაიონებში. წვიმს ფოთში, თუმცა შავი ზღვის სანაპიროზეც და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში დღეს ღამე მოთოვს. ქარი დღის ბოლომდე შენარჩუნდება, თუმცა ღამით შესუსტდება. წვიმის ნალექი კი თოვლში გადავა.
"3 იანვრის ჩათვლით საქართველოს უმეტეს რაიონებში ითოვებს. 3 იანვარს შესაძლოა აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში გამოიდაროს. თბილისში 1-2 იანვარს ითოვებს, 3 იანვარს ასევე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში 1-2 იანვარს დღისით -1+4 გრადუსია მოსალოდნელი, 3 იანვარს კი -2+3 გრადუსი. 1-ელ იანვარს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით -2+3 გრადუსი იქნება; 2 იანვარს - -3;+2; 3 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით -12;-7 გრადუსამდე ყინვაა მოსალოდნელი. დღისით იქნება -5;0 გრადუსი", _ განაცხადა ნიორაძემ.
მისივე თქმით, ასევე 3 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ღამით ძლიერი ყინვა დაფიქსირდება, კერძოდ, -23 გრადუსი. დღისით კი მაღალმთაში -13 გრადუსი იქნება.