ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის სახით ძალიან ღირსეული სათადარიგო მოთამაშე გაჩნდა

ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის სახით ძალიან ღირსეული სათადარიგო მოთამაშე გაჩნდა

ირაკლი ღარიბაშვილს თუ სურვილი გაუჩნდება, შეუძლია ჩამოაყალიბოს საკუთარი პოლიტიკური გუნდი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDშ-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მას შეუძლია ნებისმიერ სიტუაციაში, კრიზისულში თუ არაკრიზისულში, თავისუფლად ჩამოაყალიბოს ახალი პოლიტიკური გუნდი და ამის რესურსი გააჩნია.
ასევე, როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, ღარიბაშვილს ამჟამინდელი გუნდიც სიამოვნებით მიიღებს, თუ ამის საჭიროება იქნება. "ამის შესახებაც ზედმეტი აჟიოტაჟი აწიეს, თუ როგორ გაბედა და არ თქვა მან, სად მიდის. თავისი წასვლით მან ძალიან ღირსეული ნაბიჯი გადადგა. წასვლის არსი მხოლოდ წასვლაშია, რომ მან მისცეს სხვებსაც საშუალება მოსინჯონ ძალა. ჩვენ ახალგაზრდა პოლიტიკური გუნდი გვყავს და ძალიან ცოტა გამოცდილება გვაქვს და მისი წასვლით მან გუნდის წევრებს მისცა საშუალება, თვითონაც მოსინჯონ და შესაძლოა უფრო წარმატებულებიც იყვნენ. ირაკლი ღარიბაშვილს საკუთარ გუნდში აქვს ავტორიტეტი. მას არაერთხელ უთქვამს, რომ ნებისმიერ დროს თუ გუნდს დაჭირდება, გვერდით დაუდგება, მათ შორის უახლოეს არჩევნებში, 2016 წელს. თუ სურვილი გაუჩნდება ირაკლის, გუნდი მას სიხარულით დაიბრუნებს და მიიღებს. გარდა ამისა, ირაკლის თუ სურვილი გაუჩნდება, შეუძლია სხვა პოლიტიკური გუნდი ჩამოაყალიბოს. ის იმხელა რესურსით წავიდა, რომ შეუძლია ნებისმიერ სიტუაციაში, კრიზისულში თუ არა კრიზისულში, თავისუფლად ჩამოაყალიბოს ახალი პოლიტიკური გუნდი და ამის რესურსი გააჩნია", - განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის სახით ძალიან ღირსეული სათადარიგო მოთამაშე გაჩნდა. "ნახეთ, ჩვენი ოპოზიცია როგორია, თვალი ვისზე გაგიჩერდებათ?! რომელი პოლიტიკოსი წავიდა გამარჯვებული?! კარგი სათადარიგო მოთაშე გავჩნდი მეც, ირაკლიც ძალიან ღირსეული სათადარიგო მოთამაშე გაჩნდა საკუთარი გუნდისთვისაც და საერთოდ, საქართველოს პოლიტიკაში გაჩნდა ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ სიტუაციაში ახალი გუნდი ჩამოაყალიბოს. ირაკლის აქვს ძალიან კარგი იმიჯი საზოგადოებაში, საზოგადოების დიდ ნაწილს ირაკლი უყვარს და დღესაც ძალიან ბევრი მირეკავდა განცდებით, თუ რატომ წავიდა თანამდებობიდან", - აღნიშნა ივანიშვილმა. მისივე თქმით, პოლიტიკიდან გავიდა ისეთი მოთამაშე, რომელსაც დიდი რესურსი გაჰყვა. "ნუ ვართ გაკოტრებული პოლიტიკის ხარჯზე. პოლიტიკოსების 90% გაკოტრებულია "ნაციონალური მოძრაობის" მეთაურობით. პოლიტიკიდან ირაკლი ღარიბაშვილის სახით გავიდა კიდევ ერთი მოთამაშე, რომელსაც დიდი რესურსი გაჰყვა და მას შეუძლია თუ ქვეყანას გაუჭირდება, დაბრუნდეს საკუთარ გუნდში და თუ არ მოუნდება საკუთარ გუნდში დაბრუნება, ყოველგვარი ივანიშვილისა და ყოველგვარი საკუთარი გუნდის გარეშე, საკუთარი რესურსით ჩამოაყალიბოს პარტია და დაეხმაროს ქვეყანას", - განაცხადა ივანიშვილმა.