"კვირიკაშვილსაც და გუნდის წევრებსაც შევახსენებ, რომლებიც ცდილობენ ეს "გააპრავონ", არ გამოუვათ"

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობას არ სურს პრეზიდენტის ინსტიტუტი დააკნონოს და სწორედ ამიტომ, იძულებულები არიან ისეთი განცხადებები გააკეთონ, როგორსაც აკეთებენ.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გადაცემა "2030"-ში განაცახადა, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებული საკითხი მთავრობის მხრიდან არ უნდა დაისვას, სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ დაკნინდეს.

"მათ არ უნდათ, რომ დააკნინონ პრეზიდენტის ინსტიტუტი და იძულებულნი არიან, მსგავსი განცხადებები გააკეთონ. მგონი კვირიკაშვილმაც ეს გააკეთა. კვირიკაშვილსაც და სხვა გუნდის წევრებსაც შევახსენებ, რომლებიც ცდილობენ რომ ეს ძალიან "გააპრავონ", არ გამოუვათ, თუმცა მე მათი პოზიცია მესმის და პატივს ვცემ. მაგრამ მედალს აქვს მეორე მხარე. ის, რომ ათეულობით მილიონ ლარს ეს კაცი თავისი ხასიათის დაუოკებლობის გამო ხარჯავს და 16 ათასი კვადრატული, რომელიც მას არ სჭირდება და გარემონტებული სასახლე, რომელიც მას ეკუთვნის და იქ არ გადადის, ამის გამო საზოგადოების დიდ ნაწილს და მათ შორის მეც, მუდამ გვექნება საკრიტიკოდ. არამარტო პრეზიდენტისთვის, არამედ კვირიკაშვილისთვისაც და მათთვის, ვინც ცდილობს მხოლოდ ის ნაწილი გაამაგროს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ დაკნინდეს და გარეთ ცუდი ხმები არ გავიდეს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.