"ირაკლი ღარიბაშვილი უფრო დაბალ პოლიტიკურ თანამდებობას, არ მოისურვებს"

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში ყველაზე მაღალი თანამდებობიდან წავიდა და ამიტომ სხვა უფრო დაბალ თანამდებობაზე მის წასვლას გამორიცხავს.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გადაცემა "2030"-ში განაცახადა, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შესაძლოა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რანგში ვიხილოთ, არასწორია.

"ეროვნული ბანკის პრეზიდენტობა არასწორია და საერთოდ, კაცი უმაღლესი თანამდებობიდან წავიდა და უფრო დაბალი რანგის პოლიტიკურ თანამდებობას, არ მოისურვებს. მას არაფერი დაუშავებია და გაუფუჭებია, რომ უფრო დაბალი რანგის თანამდებობა მიიღოს. ის იყო მთავერობის მეთაური და კონსტიტუციით ყველაზე მეტი უფლებები მთავრობის მეთაურს აქვს. რა თქმა უნდა, ის არ აპირებს პოლიტიკური თანამდებობა მიიღოს. მან ჩემთან საუბარშიც და საჯაროდაც თქვა, რომ უნდა დაისვენოს. ირაკლიმ არც შაბათი იცოდა, არც კვირა. ის ამ დროის განმავლობაში, თავდაუზოგავად მოღვაწეობდა, მაგრამ მან მაინც ისურვა, რომ ერთი თვე დაისვენოს და მოიფიქროს. რა თქმა უნდა, მას ექნება წინადადებები. რაც შეეხება ჩემს შესაძლებლობებს, როგორც ივანიშვილის, ჩემი კარი მუდამ ღია იქნება და მუნდამ შეუძლია ირაკლი ღარიბაშვილს ჩემი შესაძლებლობები გამოიყენოს, როგორც საკუთარი. ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა, დღესაც გვაქვს და ასე იქნება მომავალშიც. თუ სურვილი გაუჩნდება ირაკლის, გარწმუნებთ გუნდი მას სიხარულით მიიღებს",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილს თავისუფლად შეუძლია სხვა პოლიტიკური გუნდიც ჩამოაყალიბოს.

"ირაკლი ამ ნაბიჯით იმხელა რესურსით წავიდა, რომ მას თავისუფლად შეუძლია, ახალი პოლიტიკური გუნდი ჩამოაყალიბოს. საქართველოს პოლიტიკაში გაჩნდა პიროვნება, რომელსაც ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია ახალი გუნდი ჩამოაყალიბოს. ირაკლის საზოგადოებაში ძალიან კარგი იმიჯი აქვს. დარწმუნებული ვარ საზოგადოების უდიდეს ნაწილს ირაკლი უყვარს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.