"ირაკლიმ იჩქარა, ეს შეიძლებოდა უფრო გვიანაც მომხდარიყო"

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან მას კონსულტაციები ჰქონდა, თუმცა აცხადებს, რომ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებასთან, მას კავშირი არ აქვს.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გადაცემა "2030"-ში განაცახადა, მას და ირაკლი ღარიბაშვილს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ერთნაირი შეხედულებები ჰქონდათ, თუმცა მათი აზრები, პრემიერის პოსტის დატოვების თარიღთან დაკავშირებით, განსხვავებული იყო.

"ჩვენ გვქონდა კონსულტაციები. გუნდის ძალიან ბევრი წევრი იყო დაბნეული, რადგან არ იყვნენ ინფორმირებულნი. ამ საკითხთან დაკავშირებით მე და ირაკლის რამდენიმე შეხვედრა გვქონდა. შეხედულებები ერთნაირი გვქონდა, თუმცა დროსთან დაკავშირებით განსხვავებული. ირაკლიმ ბოლო დროს იჩქარა, ეს შეიძლებოდა უფრო გვიანაც მომხდარიყო და შესაბამისად, ყველა გუნდის წევრის ინფორმირება ვერ მოხდა. რაც შეეხება ჩემთან და ზოგადად სხვებთან კონსულტაციებს, ოპონენტები ცდილობენ ეს მე მომაწერონ, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. გადაწყვეტილება მიიღო ირაკლი ღარიბაშვილმა, ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო. რჩევები და კონსულტაციები ბევრჯერ გვქონია და ირაკლი აკეთებდა ისე, როგორც მას სურდა. არანაირი ბერკეტი და მექანიზმი არ გამაჩნდა იმის, რომ იძულებული გამეხადა. მისი გადაწყვეტილებით მე ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. მას საჯაროდ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, იმისათვის, რაც ჩვენი პოლიტიკაში მოსვლის პირველი დღიდან გააკეთა. მან ხელისუფლება დატოვა მხოლოდ იმისთვის, რომ დაეტოვებინა. დღესაც მკითხაობენ, ვერ გაუგიათ მიზეზი, რატომ წავიდა", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კითხვაზე, უკავშირდებოდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა ნათესავებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციები, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ყოფილმა პრემიერმა ნათესავების საკითხზე რეაგირება დროულად მოახდინა.

"ნათესავებთან დაკავშირებით იყო კითხვები, მეც მქონდა ამაზე რექაცია და ირაკლიმ ამ პრობლემასაც ღირსეულად გაართვა თავი. ოპოზიცია ამის გაზვიადებას ცდილობდა, მაგრამ იქ არაფერი სერიოზული, არ ყოფილა. მინდა საზოგადოებას შევახსენო, ნათესავებთან დაკავშირებულ პრობლემებს, მე დღესაც განვიცდი. ეს არ არის იოლი საქმე, ახლო ნათესავს ძალიან დიდი სურვილი აქვს მაქსიმალურად გამოიყენოს ის რესურსი, რაც გამაჩნია და ძალიან ხშირად, კონფლიქტშიც შევდივართ მათთან. რაც შეეხება მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, არც ეს იყო მიზეზი, მან ეს თავის გამოსვლაში აღნიშნა, თუმცა ოპონენტებმა და მედიის დიდმა ნაწილმა უყურადღებოდ დატოვა. მთავარი მიზანი იყო წასვლა წასვლისთვის. რაც მან თავის გამოსვლაში თქვა, ეს იყო ჩემი კურსის გაგრძელება. რატომ მოხდა, რომ დროზე ადრე წავიდა წარმატებული პრემიერი და რატომ იყო აუცილებელი ან საჭირო - აუცილებელი ეს ნამდვილად არ იყო, ჩემი გადმოსახედიდან ეს იყო კარგი", - განაცხადა ბიძინ აივანიშვილმა.