"ირაკლი ღარიბაშვილი წავიდა წარმატებული პრემიერი, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს"

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი კარგი პრემიერ-მინისტრი იყო და მან ხელისუფლება, წარმატების ზენიტში დატოვა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გადაცემა "2030"-ში განაცახადა, ირაკლი ღარიბაშვილის მოღვაწეობა, წარმატებული იყო.

"მე ვერ ვხედავ და არ ვიცი ისეთი პრობლემები, რომელსაც ღარიბაშვილმა თავი ვერ გააართვა. გავიხსენოთ როგორი გუნდი მოვედით - ირაკლი ღარიბაშვილი ჩემი პრემიერობის დასაწყისშივე შინაგან საქმეთა მინისტრი გახლდათ. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის რეალობა, რაც ჩვენ მივიღეთ. ირაკლიმ საკმაოდ მძიმე სამინისტრო მიიღო და ვფიქრობ, რომ ერთი წლის განმავლობაში, ძალიან კარგად გაართვა თავი. თუ მოკლედ ვიტყვით, ირაკლი კარგი პრემიერი იყო. პროცესში, როგორც მე და სხვა დანარჩენი გუნდის წევრები, რომლებსაც არ გვქონდა გამოცდილება, გავიზარდეთ. ირაკლიც გაიზარდა. მე ვიტყოდი, რომ ირაკლი წავიდა თავის წარმატების პიკზე. ხელისუფლება მან თავის წარმატების ზენიტში დატოვა. ისევე როგორც მე, როგორც პოლიტიკოსმა, მოვახერხე ის, რაც მოვახერხე. მან სამი წლის შედეგები შეაჯამა. მე არ გავიმეორებ იმ ციფრებს, რომელსაც გუნდმა, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობით მიაღწია. ირაკლი ღარიბაშვილი წავიდა წარმატებული პრემიერი, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.