საპატრულო პოლიციაზე მომხდარი თავდასხმის გამო, შს მინისტრმა მთავრობის სხდომა დატოვა

საპატრულო პოლიციაზე მომხდარი თავდასხმის გამო, შს მინისტრმა მთავრობის სხდომა დატოვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მიმდინარე მთავრობის სხდომა დატოვა და თელავში გაემგზავრა, სადაც საპატრულო პოლიციაზე თავდასხმა მოხდა.

მინისტრი პირადად გაეცნობა ადგილზე არსებულ ვითარებას და ასევე სავარაუდოდ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოთავსებულ დაჭრილ პოლიციელ ქალბატონსაც მოინახულებს.

თელავში პოლიციის შენობის ეზოში სროლადა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბოროტმოქმედი საპატრულო პოლიციის ეზოში უკანა მხრიდან შეიჭრა, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო. შემთხვევის შედეგად ერთი პოლიციელი ადგილზევე გარდაიცვალა.

დაჭრილია ასევე სამართალდაცველი ქალბატონი, რომელიც თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების განმარტებით დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და ამ წუთებში მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

შსს-მ თელავში, საპატრულო პოლიციაზე თავდასხმის შედეგად, გარდაცვლილი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი, ცხელ კვალზე დააკავა. როგორც უწყებაში განმარტავენ, მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლით არის აღძრული.