პაატა ბურჭულაძე სტუდენტებს მიმართავს

პაატა ბურჭულაძე სტუდენტებს მიმართავს

ნურავის გგონიათ, რომ ვიღაცა სადმე რამეს გაგიკეთებთ, თუ თქვენ არ გაანძრევთ ხელებს და თავად არ გააკეთებთ ამას, - ასე მიმართა "საქართველოს განვითარების ფონდის" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ სტუდენტებს, რომლებთანაც შეხვედრა დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართა.

პაატა ბურჭულაძეს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ფონდის მომავალი, რაზეც მან აღნიშნა, რომ ფონდი არის ფონდი და ის სულ უნდა არსებობდეს.

"ფონდი სულ უნდა არსებობდეს, მას აქვს ძალიან დიდი გეგმები და ის დასჭირდება ყველა მთავრობას და ყველა პოლიტიკურ ძალას. ამაში ორი აზრი არ არის. ახლა მინდა გითხრათ იმაზე, თუ რატომ მოგიწვიეთ მაინც და მაინც თქვენ და რატომ ხართ აქ მაინც და მაინც ახალგაზრდები. იმიტომ, რომ ახალგაზრდობა ყველაზე კარგი მომენტია, მაგრამ ეს მომენტი ძალიან მალე გაგექცევათ. დრო ისე გარბის, თქვენ ვერც კი მოასწრებთ თვალის დახამხამებას, ისე დაამთავრებთ უმაღლეს სასწავლებლებს, გეყოლებათ შვილები, შვილიშვილები და დღეს არის ზუსტად დრო, რომ იფიქროთ თქვენს შვილიშვილებზე. დღეს აქ იმიტომ მოგიყვანეთ, რომ გვაინტერესებს თქვენი აზრი, თქვენი ხედვა, უნდა დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, თუ როგორ წარვმართოთ ცხოვრება. ნურავის ჰგონია, რომ ვიღაცა სადმე რამეს გაგიკეთებთ, თუ თქვენ არ გაანძრევთ ხელებს და თავად არ გააკეთებთ. ჩვენი საქმე ჩვენი მისახედია. არავის ხელში არ უნდა ჩავაგდოთ ის, ვინც არ უნდა იყოს ის", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში "საქართველოს განვითარების ფონდის" დამფუძნებლები და მისი წევრები სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ფონდის წევრები სტუდენტთა შეკითხვებს პასუხობდნენ.