ჩემი პროტესტი უკავშირდება ლევან მურუსიძის ხედვას პროცესებისადმი და არა მის პიროვნებას

ჩემი პროტესტი უკავშირდება ლევან მურუსიძის ხედვას პროცესებისადმი და არა მის პიროვნებას

ჩემი პროტესტი უკავშირდება ლევან მურუსიძის ხედვას და დამოკიდებულებას პროცესებისადმი და არა ბატონ ლევანის პიროვნებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის კენჭისყრის დასრულების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა პრეზიდენტის კვოტით, ვახტანგ მჭედლიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მისი დღევანდელი გადაწყვეტილება, რომ პროტესტის ნიშნად ლევან მურუსიძის კანდიდატურის კენჭისყრას არ დაესწრო, პრეზიდენტთან შეთანხმებული არ იყო.

"დღეს სასამართლო სისტემა დგას არა დამოუკიდებლობის გამოწვევის წინაშე, არამედ საზოგადოების ნდობის აღდგენის გამოწვევის წინაშე, ამიტომ თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად უნდა იყოს განწყობილი იმისკენ, რომ საზოგადოების ნდობა აღვადგინოთ. შესაბამისად, ჩვენს დამოკიდებულებებს პროცესებისადმი საზოგადოების მხრიდან დიდი ყურადღება ეთმობა. თავად ლევან მურუსიძემ დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და თავის თავს მხარი არ დაუჭირა თავისი კეთილი ნებიდან გამომდინარე, თუმცა ჩვენ მოვამზადეთ პროექტი და შევთავაზეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ ეს ნორმად ჩამოყალიბდეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც იქნება კანდიდატი, ხმის უფლება და კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდეს, თუმცა ეს საბჭომ არ გაიზიარა. ჩვენი აქცენტი არის იმისკენ მიმართული, რომ კეთილ ნებაზე არ იყოს სასამართლო სისტემაში გადაწყვეტილებები მიღებული და ის მიღებულ იქნას ნორმების გათვალისწინებით", - განაცხადა მჭედლიშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტთან არც ერთ გადაწყვეტილებას არ ათანხმებს. "ჩემს გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი მე ვარ. მე ვარ დამოუკიდებელი პრეზიდენტთან კომუნიკაციაში. პრეზიდენტთან კომუნიკაცია ჩემს გადაწყვეტილებებზე არ მქონია არასდროს და არც არასდროს მექნება", - განაცხადა მჭედლიშვილმა.