საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების დონე გაიზრდება

საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების დონე გაიზრდება

„აფბა“-ს ანალიტიკოსმა, ანდრია გვიდიანმა ენერგეტიკის სფეროში 2016 წლისთვის მოსალოდნელ გამოწვევებზე ისაუბრა. როგორც მან "პირველ პრესკლუბში" განაცხადა, ენერგეტიკის სექტორში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ხუდონჰესის მშენებლობის დაწყება იქნება. „დიდი მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გარეშე ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის დონის ამაღლება საკმაოდ საეჭვოა.

სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ ხელისუფლებისთვის 2016 წელს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, სწორედ ხუდონჰესის მშენებლობის დაწყება იქნება. როგორც ვიცით, მიმდინარე წელს, ცვლილებები შევიდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტის, „ხუდონჰესის" მემორანდუმში, რომელიც ინვესტორს გამომუშავებული ელექტროენერგიის სრული მოცულობის, 1.5 მლრდ.კვტ.სთ. საქართველოში დატოვებას ავალდებულებს, რითაც მნიშვნელოვანად შემცირდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებულების ხარისხი და შესაბამისად, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების დონე გაიზრდება“, - განაცხადა გვიდიანმა. ანალიტიკოსმა გასული წლის მიღწევებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, 2015 წელი ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობის თვალსაზრისით, საკმაოდ საინტერესო იყო; საკმაოდ ბევრ მნიშვნელოვან პროექტს რეალური პერსპექტივა გამოუჩნდა.

"პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წელი ენერგეტიკისთვის საკმაოდ საინტერესო წელი გახლდათ. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს მხრიდან, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, ჰიდრორესურსების ათვისების პროცესში. ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ზოგადად, ენერგოსექტორის განსავითარებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ ჰიდრორესურსების ათვისება, რაც საქართველოს გააჩნია. ამ კუთხით, მინდა გამოვყო ნენსკრაჰესის პროექტი, რომელსაც მიმდინარე წელს ჩაეყარა საფუძველი და ვფიქრობ, აღნიშნული ჰესი ქართული ენერგეტიკისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ობიექტი იქნება.