სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ლევან მურუსიძის არჩევის გადაწყვეტილება პრაქტიკულად ასამარებს სამართლიანობის აღდგენის იდეას, რომლისთვისაც 2012 წელს ხელისუფლება შევცვალეთ, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
ალასანიამ ასევე აღნიშნა, რომ მურუსიძის კანდიდატურას, სამწუხაროდ, ხმა მისცეს იუსტიციის საბჭოს იმ წევრებმა, რომლებსაც კოალიციაში ყოფნის დროს "თავისუფალმა დემოკრატებმა" მხარი დაუჭირეს.
"ეს გადაწყვეტილება პრაქტიკულად ასამარებს სამართლიანობის აღდგენის იდეას, რომლისთვისაც 2012 წელს "ქართული ოცნების" კოალიციასთან ერთად შევცვალეთ ხელისუფლება. ჩვენმა ფრაქციამ პარლამენტში მონაწილეობა მიიღო იუსტიციის საბჭოს იმ წევრების არჩევაში, რომლებმაც დღეს, სამწუხაროდ, ხმა მისცეს მურუსიძის კანდიდატურას. პირველ რიგში, მინდა, ჩვენი პარტიის და ფრაქციის წევრები კიდევ ერთხელ, სრულად გავემიჯნოთ ამ არჩეული ადამიანების გადაწყვეტილებას და მოვუწოდო მათ, რომ საკუთარი თანამდებობები დატოვონ. მათ არ აქვთ მორალური უფლება, გააგრძელონ ის საქმიანობა, რისთვისაც ჩვენ კოალიციაში ყოფნის დროს ავირჩიეთ, რათა გაეგრძელებინათ სწორი, სამართლიანი რეფორმები სასამართლო სისტემაში", - განაცხადა ალასანიამ.
მან ე.წ. კაბელების საქმეც გაიხსენა, რომელიც, ალასანიას შეფასებით, კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი სასამართლო და პროკურატურა უნდა "ქართულ ოცნებას".
"ჩვენ თვეების წინ ვუთხარით საზოგადოებას, რომ მთავრობა გარიგებაში შევიდა სააკაშვილის დროინდელ მოსამართლეებსთან და მათ შორის მქონდა საუბარი ბატონ მურუსიძეზე. ასევე გვქონდა საუბარი, რომ პროკურატურაში ბატონ შოთაძეს იყო შეპირებული მთავარ პროკურორობას და ეს ყველაფერი დადასტურდა. ჩვენ გვაქვს პროკურატურა, რომელსაც ხელმძღვანელობს შოთაძე და მურუსიძის სასამართლო. ეს არის მიუღებელი ჩვენი პარტიისთვის, მიუღებელია საზოგადოებისთვის. ძალიან ახლო თანამშრომლობა გვექნება არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომ დავიწყოთ საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ამ უმსგავსობის წინააღმდეგ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.