საქართველოს პრეზიდენტის განცხადება

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება

„მოგახსენებთ, რომ შემოსულია საქართველოს პრემიერმინისტრის  კანდიდატურა, რომელსაც ვაგზავნი პარლამენტში დასამტკიცებლად,  რათა არ შეიქმნას ტექნიკური შეფერხება და წლის ბოლომდე ქვეყანას  ჰყავდეს მთავრობა.

ამ ორი-სამი დღის განმავლობაში, მე მხარი დავუჭირე, როგორც  პრემიერმინისტრის გადადგომას, ასევე, ახალი პრემიერმინისტრის კანდიდატურის წარდგენას. ახლა უკვე ჯერი  საქართველოს პარლამენტზეა.

ამასთან ერთად, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იუსტიციის საბჭოს მიერ ლევან მურუსიძის მოსამართლედ ხელახლა დანიშვნას.

ასეთი გადაწყვეტილების მიმართ მიუღებლობა ქართული საზოგადოებისა ამ დღეებში განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა. ეს მიუღებლობა ყალიბდებოდა წლების განმავლობაში,  გამომდინარე იმ  საქმეებიდან, რომლებმაც არამარტო გააერთიანა ქართული საზოგადოება, არამედ გამაოგნებელი იყო სტრასბურგის სასამართლოსთვის.

მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩემს მიერ დანიშნული ერთი წევრი, რომლის დანიშვნის უფლებაც მაქვს, ამ ერთმა წევრმა დატოვა ეს კენჭისყრა.

სახელმწიფოს უზენაესი მიზანია სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბება. ეს არის ჩვენი ვალდებულება. პრეზიდენტს ამ თვალსაზრისით, აქვს შესაძლებლობა წარადგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და დანიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები რასაც მე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობით განვახორციელებ.

ბრძოლა სამართლიანი სასამართლოს შესაქმნელად საქართველოში გრძელდება და მე ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან!“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.