საბერძნეთში მცხოვრები ქართველებისთვის სამართლებრივი პროცედურების წარმოება გამარტივდა

საბერძნეთში მცხოვრები ქართველებისთვის სამართლებრივი პროცედურების წარმოება გამარტივდა

საბერძნეთმა საქართველოს მიმართ აპოსტილის კონვენციის მოქმედებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა მოხსნა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის 17 დეკემბერს, ჰააგის კერძო საერთაშორისო სამართლის კონვენციის მუდმივმოქმედმა ბიურომ დაადასტურა, რომ აპოსტილის კონვენცია საბერძნეთსა და საქართველოს შორის ძალაში შევიდა.

"გადაწყვეტილება საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს მოიცავს. საბერძნეთში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეები ვერ ახერხებდნენ საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებებში პირადად გამოცხადებას და შესაბამისი პროცედურების გავლას, კერძოდ მინდობილობის დამოწმებას. ბერძნული მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით კი საბერძნეთში ლეგალური სტატუსის არმქონე საქართველოს მოქალაქეები უკვე შეძლებენ საქართველოს შესაბამისი უწყებების მიერ გაცემული და აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტების წარდგენას საბერძნეთის ოფიციალურ უწყებებში", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყების ცნობით თითოეული დოკუმენტის დამოწმების საფასური 50 ევროთი შემცირდება, ვინაიდან აღარ იქნება საჭირო ლეგალიზაციისათვის დოკუმენტის წარდგენა საქართველოში საბერძნეთის საკონსულოში.

როგორც "პირWელს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის საკმარისი იქნება მხოლოდ ერთი ინსტანციის გავლა, კერძოდ, დოკუმენტების შინაარსის მიხედვით, იუსტიციის სახლისა და  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ან განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში მათი წარდგენა.