პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენა უდიდესი პასუხისმგებლობაა ქვეყნის და თითოეული მოქალაქის წინაშე და მე ვეცდები, მაქსიმალურად დავიხარჯო ამ პასუხისმგებლობის აღსრულებაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მან პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე საპარლამენტო უმრავლესობას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
"მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლის. ჩვენ ძალიან ბევრი კარგი საქმე ერთად გავაკეთეთ და მე წილად მხვდა ბედნიერება, რომ ვყოფილიყავი ვიცე-პრემიერი, როდესაც ბატონი ირაკლი პრემიერ-მინისტრი იყო. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო იმ ნდობისთვის, რომელიც მან ცოტა ხნის წინ გამომიცხადა. ასევე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო უმრავლესობის თითოეულ წევრს, რომელმაც ნდობა გამოხატა ჩემი პრემიერ-მინისტრობის პოსტზე წარსადგენად. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის და თითოეული მოქალაქის წინაშე და მე ვეცდები, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო ამ პასუხისმგებლობის აღსრულებაში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.