ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" მომავალ პრემიერ-მინისტრს და ახალ მთავრობას 9 პუნქტიან სამოქმედო გეგმას სთავაზობს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინზე პოლიტიკური ცენტრის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი, რეფორმების სწრაფი გატარებაა.
"მომავალ კვირაში საქართველოს პარლამენტში შემოვა ახალი მთავრეობის შემადგენლობა დასამტკიცებლად. ჩვენ ვთვლით, რომ ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი, რეფორმების სწრაფი გატარებაა. ჩვენ გვჭირდება მეტი თავისუფლება, როგორც ინდივიდუალური, ისე ეკონომიკური. მიუხედავად იმისა, რა შემადგენლობა შემოვა საქართველოს პარლამენტში, ახალმა მთავრობამ პირველ რიგში უარი უნდა თქვას "ქართული ოცნების" სამთავრობო პროგრამაზე, რომელიც არაერთხელ შემოვიდა პარლამენტში და საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობამ, უპირობოდ არაერთხელ დაამტკიცა. ახალ პროგრამაში მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი - პირველ რიგში, უნდა მოხდეს საგადასახადო ტვირთის შემცირება 26%-დან 16%-მდე, მეორე - სახელმწიფო ბიუჯეტში არსებული სოციალური ხარჯები მიზანმიმართულად უნდა წავიდეს დასახმარებლად მხოლოდ გაჭირვებული ოჯახებისთვის და უნდა დამთავრდეს ამ თანხების ფლანგვა მდიდარ ოჯახებზე, მესამე - სასწრაფოდ უნდა მოხდეს სახელმწიფო ბალანსზე არსებული ქონების პრივატიზაცია, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში ე.წ. ჰოლანდიური აუქციონის პრინციპის გამოყენებით. მეოთხე - უნდა მოხდეს ეკონომიკური და ფინანსური ხასიათის დანაშაულების დეკრიმინალიზაცია. მეხუთე - სახელმწიფომ უარი უნდა თქვას საკუთარი მონეტარული პოლიტიკის გატარებაზე და ქვეყანაში დაშვებული უნდა იყოს თავისუფალი სავალუტო რეჟიმი. მეექვსე - ქვეყანაში უნდა გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური. მეშვიდე - უნდა მოხდეს მსუბუქი ნარკოტიკების სრული დეკრიმინალიზაცია. მერვე - მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, ვინც არ უნდა იყოს ის, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ დაასრულებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ზიზღისა და პოლიტიკური დევნის კამპანიას. მეცხრე - ასევე მომავალმა პრემიერ-მინისტრმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ საკუთარი პოლიტიკური გუნდის წინაშე მაინც დააყენებს დედაქალაქის მერის თანამდებობასთან შეუსაბამობის საკითხს. თუ "ქართული ოცნება" არ გადადგამს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ამ ნაბიჯებს, ეს ნიშნავს, რომ მთავრობის დამტკიცების პროცედურა, საქართველოს პარლამენტში უბრალო ფორმალობა იქნება. რაც ყველაზე მთავარია, ქვეყნის გაღარიბება გაგრძელდება", - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.